განათლებულ ადამიანებსაც კი, მთელი გულით სძულთ ნარკომანები და მათ მიმართ მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვენ. მართლაც, რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელმაც ეს გზა ნებაყოფლობით აირჩია და ნარკოტიკის მოპოვების სანაცვლოდ ნებისმიერ ნაძირლობაზე წავა? რატომ?! მაშ ასე, დავიწყოთ.
ნარკომანები არიან დედამიწის ზურგზე ყველაზე გაწამებული ადამიანები – მე ამას პირადი 30- წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ამ ხალხის მთელი ცხოვრება გადის საშინელ წვალებაში. მათ აქვე დედამიწაზე მოიწყვეს ჯოჯოხეთი, რომელიც აღსავსეა: საზოგადოებისგან გარიყვით, პოლიციისგან მუდმივი მალვით, მაინც დაჭერით, წამლის ჩადებითა და სასტიკი ცემით – ეს ყველაფერი უხმოდ უნდა აიტანო, თუ გინდა, გადარჩე და თუნდაც ჯოჯოხეთში არსებობა გააგრძელო…
ჯოჯოხეთის მთავარი სასჯელი კი ბედისწერის ულმობელი განაჩენია – ყოველდღიურად მოიპოვო დოზა! თავი მოიკლა და ჯერ ჰაერიდან იშოვო ფული, მერე მოძებნო ბარიგა, მიხვიდე მასთან და პოლიციით გარშემორტყმული ,,ლომის ხახიდან“ გამოიღო წამალი… მერე წამოიღო, ისე რომ ვერ დაგაპატიმრონ და როგორმე, სადმე გაიჩხირო… და ყველაფერი ისევ თავიდან და ყოველდღე!
ამ საშინელი სურათის აღწერის შემდეგ, ადამიანები გეკითხებიან: გასაგებია, მაგრამ ეს ხომ მათი არჩევანია, არავინ აძალებს ასე იცხოვრონ?!
დამერწმუნეთ, ,,ლომკა“ (აბსტინენცია) ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ფიზიკურად და მორალურად განადგურებული ადამიანი, უბრალოდ, იძულებულია გაიკეთოს წამალი. გაიჩხიროს იმისთვის, რომ მინიმალური შვება მიიღოს და თუნდაც ფეხზე წამოდგეს – ეს დოზა გულისცემასავით, ჰაერივით აუცილებელია!.. რომ არაფერი ვთქვა, მინიმალურ ადამიანურ სიხარულზე… ნარკომანს ხომ აღარაფერი სხვა არც უნდა – არც სიყვარული, არც სექსი, არც სხვა რამ, მხოლოდ ,,ლომკისგან“ და ,,ძაღლებისგან“ მოსვენება… და ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია?
ეტალონური მოქალაქეები კვლავ გეკამათებიან: ვინმემ აიძულა, რომ ნარკომანები გამხდარიყვნენ?! ეს გზა ხომ თავად აირჩიეს?!..
დიახ, თავად აირჩიეს… მაგრამ ამხელა ტანჯვა, საყოველთაო ზიზღი და ნახევარსაუკუნოვანი სასჯელი, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი 16 წლის ასაკში ორჯერ-სამჯერ შეცდა? გაიხსენეთ, ახალგაზრდობაში რამდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული და ახლაც რამდენს უშვებთ… ახლა კი, წარმოიდგინეთ, ამისთვის, ასე სასტიკად რომ დაისაჯოთ… თქვენ ხომ მხოლოდ შემთხვევით გაგიმართლათ და ნარკოტიკით ტანჯვა ბედმა აგარიდათ.
სულ ერთი შეცდომა და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა… კიდევ ერთხელ დაფიქრდით – ეს არის არჩევანი? არა, ეს ჩვენი სისასტიკეა და სხვა არაფერი! შეცდომის უფლება ყველა ადამიანს აქვს, ხომ მეთანხმებით?..
ისევ მუდამ მართალი მოქალაქეების კითხვა: გვესმის, მაგრამ წამალს რატომ არ ანებებენ თავს?!.. პასუხი: ამისთვის მე 30 წელი დამჭირდა – არც მეტი, არც ნაკლები – ოცდაათიი-ი! როგორია – ერთხელ დაშვებული შეცდომის გამოსწორებისთვის 30 წელი ჯოჯოხეთური ტანჯვა?!
…ტანჯვის დასასრული: წლები რეანიმაციებში მოგზაურობა, ცივ პალატებში მარტოდმარტო გდება, წამლები, გადასხმები, გაუთავებელი ჩხვლეტები, სუბკლავიები, ანალიზები… და ბოლოს უკვე სახლში, საავადმყოფოდან, როგორც მომაკვდავი რომ გამომწერეს, სამი წელი საწოლში გაუნძრევლად დება, სიკვდილის ლოდინი და საკუთარ პანაშვიდებზე მნახველთათვის ნაწვალები ღიმილი – და ეს ყველაფერი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო?! მტერს არ ვუსურვებ!
დიახ, თითქოს წიგნებშიც ეწერა, რომ ცუდია, ვიცოდი, უკვე ვატყობდი, რომ ჭაობში ვეფლობი, მაგრამ ასე მეგონა, რომ ეს ტრაგედია მხოლოდ სხვას მოუვიდა. ადამიანი ასეა მოწყობილი – ყველამ თავისი გამოცდილებით უნდა ისწავლოს და გასაჭირის საკუთარი დოზა მიიღოს. ამაშია ნარკოტიკის ვერაგობა – ერთხელ სინჯავ და სამუდამოდ გითრევს…
მიზეზი?.. ჭაბუკური ცნობისმოყვარეობა, გოგონებთან თავის გამოჩენის სურვილი, უფროსების თვალთმაქცობაზე პროტესტი – ნუთუ ეს ასეთი მძიმე დანაშაულია?!
ასე რომ, მეგობრებო, გთხოვთ, დაფიქრდეთ, სანამ მძიმე ავადმყოფს გაიმეტებთ, ჯერ დაფიქრდით… და მხოლოდ ისე… თუ ზიზღი მაიცნ ვერ დაძლიეთ, რა გაეწყობა, იმოქმედეთ სანიმუშო მოქალაქის ლოზუნგით: ,,გასრისე ნარკომანი, როგორც ტარაკანი!“ – ნება და არჩევანი თქვენია… და როგორც იტყვიან – ღმერთმა შეგინდოთ… თუმცა, გახსოვდეთ ორი რამ:
– თქვენ რამდენად შეძლებდით გულისცემასა და სუნთქვაზე უარის თქმას?
– თქვენ მხოლოდ გაგიმართლათ და ბედმა დაგინდოთ, რომ ცხოვრების გზაზე ნარკოტიკი არ შეგხვდათ…
ზ.ო. – 2018-2021, იანვარი
ზურაბ ოდილავაძე
აუცილებელი განმარტება რედაქციისაგან: ქრისტიანობა ადამიანის სიძულვილს და ზიზღს არ გვასწავლის, ყველაზე ცოდვილი ადამიანიც უნდა გვიყვარდეს და მის გადასარჩენად ვიზრუნოთ. მაგრამ უნდა გვძულდეს ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის. ცოდვასთან შეგუება შეუძლებელია ქრისტიანისთვის. თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში ცოდვის ცნება მიჩქმალეს, გააბიაბრუეს, გააუქმეს… მაგრამ ცოდვა არსად გამქრალა. ნარკომანია კი ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა, რადგან იგი ადამიანს ალპობს ხორციელად და სულიერად, ეს იგივე თვითმკვლელობაა, თანაც, საშიში სხვებისათვის – როგორც თავად ბატონი ზურაბი აღნიშნავს სტატიის დასაწყისში, ნარკომანი “ნარკოტიკის მოპოვების სანაცვლოდ ნებისმიერ ნაძირლობაზე წავა”.