დღეს, დილის 10 საათზე სასტუმრო შერატონში დაიწყება მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი – ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.
ბოლო შეხვედრაზე მხარეებს დიპლომატიურმა კორპუსმა მრავალმანდატიან სისტემაზე მსჯელობა შესთავაზა. საარჩევნო სისტემის კომპონენტების ცალ-ცალკე განხილვა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით ე.წ. “გერმანული მოდელის” მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების გამო გადაწყდა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგი დღესაც არ იქნება.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ივანიშვილი იღებს.
“არაფერს არ ველით სასიკეთო წინადადებებს მათგან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ “ქართულ ოცნებას” ისინი ვერ ღებულობენ ვერანაირ გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ მისაღები,” – აცხადებს რომან გოცირიძე.
“სამწუხაროა, რომ ჯერ ვერ გააცნობიერეს ის, რომ უნდა იყვნენ გაცილებით კონსტრუქციულები, მაგრამ ვფიქრობ, რომ თანდათანობით, ეს მომენტიც დადგება იმიტომ, რომ არც ჩვენი, არც საზოგადოების და არც საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა არ შეჩერდება,” – განაცხადა სერგო რატიანმა.
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ემხრობა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა დიალოგი მხოლოდ დიალოგისთვის არ უნდა იყოს და მას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს.
“ჩვენ განწყობილნი ვართ ძალიან კონსტრუქციულად იმიტომ, რომ ნამდვილად ვემხრობით დიალოგის გაგრძელებას, მაგრამ არ შეიძლება დიალოგი იყოს მხოლოდ დიალოგისთვის. დიალოგს უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები,” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უმრავლესობამ სერიოზული არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ე.წ. “გერმანული მოდელი” არ შეესაბამება საქართველოს ინტერესს არ შეესაბამება.
“უმრავლესობის წევრებს გავუზიარეთ გარკვეული მოსაზრებები, მათგანაც მოვისმინეთ საინტერესო წინადადებები. დღეს ამას გავუზიარებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს და ოპონენტებს. სერიოზული არგუმენტები წარვუდგინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შემოთავაზება არ შეესაბამება იმ ინტერესს, რაც საქართველოს გააჩნია,” – განმარტა გია ვოლსკიმ.