მუსლიმთა თემის ნაწილსა და ნიკა გვარამიას შორის სატელევიზიო ხუმრობის გამო დაწყებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გვარამიას მხრიდან მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას.
“ცალკეულმა პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად, დისკრიმინაციულად შეაფასეს და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გავეცანი მუსლიმი თემის ჩემთვის ანგარიშგასაწევი არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის სასულიერო პირების საპირისპირო პოზიციებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას, რაც მიმაჩნია, რომ ისეთივე სახიფათოა, როგორც სიძულვილის ენის რეალურად გამოყენება. აღარაფერს ვამბობ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკებზე.
მოვუწოდებ ყველას, სიფრთხილე გამოვიჩინოთ რელიგიურ საკითხებზე დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, მითუმეტეს, რომ, სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. სჯობს ვისაუბროთ ამ და სხვა მრავალ გამოწვევაზე, რაც რეალურად აწუხებს თემს!”, – წერს ნინო ლომჯარია.
ნინო ლომჯარიას პოსტზე ნიკა გვარამიამ დააკომენტარა და იკითხა, დაარღვია თუ არა მან “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სტანდარტი”, რაზეც სახალხო დამცველი პასუხობს, რომ ასეთი დეფინიცია საქართველოში არ არსებობს.
“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დეფინიცია საქართველოში არ გვაქვს (იმედია არც არასოდეს გვექნება). ჩემ მიმართ კითხვას ასე დავსვამდი – გამოიყენე თუ არა სიძულვილის ენა? მე ვფიქრობ რომ არა. რაც შეეხება შენ შეკითხვას, ეს კითხვა, ვფიქრობ მუსლიმ თემს მიემართება და მათ უკვე გაგცეს უარყოფითი პასუხი, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პირებს”, – წერს ნინო ლომჯარია.