დღეს, 2019 წლის 21 დეკემბერს, მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი და სახელოვანი ქართველის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადების 140-ე წლისთავია. საქართველო ამ თარიღს სამარცხვინოდ ხვდება.
ქვეყანაში ქაოსის ნიშნებია, ახალგაზრდობა უპერსპექტივოა, ნარკომანიამ მოიცვა მისი დიდი ნაწილი, რასაც ხელს ე. წ. კლუბები უწყობენ, სკოლის მოსწავლეებში თვითმკვლელობის შემთხვევები გახშირდა, უსაქმურთა ჯგუფები კარვებს შლიან და აბინძურებენ დედაქალაქის ქუჩებს, მხდალი ხელისუფლება ე. წ. ოპოზიციის შიშით ვერ დგამს ქვეყნისთვის აუცილებელ ნაბიჯებს… კიდევ რამდენი უბედურება ჩამოვთვალოთ…
სამარცხვინოა, მაგრამ ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ფაშიზმისგან გადარჩენის მთავარი ავტორის, იოსებ სტალინის იუბილე საქართველოში არ აღინიშნება.
ხალხი გადაღლილია, გამათხოვრებული, დაბეჩავებული და დამონებული, ხშირად 2 ლარიც არ აქვს ჯიბეში რიგით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გათანგული დაეხეტება ქუჩა-ქუჩა. ასეთი ხალხი თავისით ვერ მოაწყობს ვერც სტალინის იუბილეს და ვერც სხვა ამაღლებულ თემებზე იფიქრებს.
თუმცა საქართველოში მაინც არიან ადამიანები, ვინც დიდ ყურადღებას უთმობს ისტორიას, ვისთვისაც სულერთი არ არის, რა კვალს დატოვებენ შთამომავლობისათვის. ასეთი ადამიანები დღეს, თბილისსა და გორში, ჩაატარებენ სტალინის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
თბილისში, ვაკეში, გამარჯვების პარკში, რიგითი მოქალაქეები და აქტივისტები უცნობი ჯარისკაცის საფლავს და გამარჯვების მონუმენტს შეამკობენ ყვავილებით იმის ნიშნად, რომ 1945 წლის გრანდიოზული გამარჯვების მთავარი შემოქმედი პიროვნულ დონეზე არის სწორედ იოსებ სტალინი. პირველი დამსახურება ამ გენიალური სახელმწიფო მოღვაწისა არის სწორედ ფაშიზმის დამარცხება. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
თბილისის ღონისძიება 10 საათზე ჩატარდება, ხოლო სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში გაიმართება საზეიმო მსვლელობა და აგრეთვე ხელისუფლების ისტორიული გულმავიწყობის საწინააღმდეგო აქცია, რათა მოხდეს სტალინის როლის ჯეროვანი შეფასება სახელმწიფო დონეზე, დაიმსხვრეს ლიბერალური უმცირესობის მიერ უმრავლესობისთვის თავს მოხვეული მახინჯი ნორმები და სტერეოტიპები. გორში ხალხი 13 საათზე შეირკიბება სტალინის სახლ-მუზეუმის წინ. გორის აქციას სათავეში საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია ჩაუდგება.