ხვიჩია: გვინდა გავარკვიოთ, რა უშლის ხელს, რომ 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა.
ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ ყველა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს შეთანხმებულად და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩის“ მოთხოვნაა, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.
„ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს და გვინდა, დაველაპარაკოთ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებასაც, თუ რა კონტრარგუმენტი აქვთ მათ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე“ – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, დღეს „გირჩი“ და „მოქალაქეები“ კონსულტაციებს გამართავენ.
წყარო: newposts.ge