“ქართული ოცნება” პარტიის ყრილობისთვის ემზადება, რომელიც 16 იანვარს “ექსპოჯორჯიაში” გაიმართება. ყრილობაზე პარტია ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეს აირჩევს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ, როგორც ცნობილია, მან თავის მემკვიდრედ, ანუ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაასახელა. შესაბამისად, “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი საბჭოს წევრებიდან განახლებულ პარტიულ ორგანოში აღარ იქნებიან: ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე და ილია ნაკაშიძე.
საბჭოს წევრთა რაოდენობა 21-მდე გაიზრდება. ერთ-ერთი ვერსიით, საბჭოში ახალ წევრებად ვიხილავთ: მაკა ბოჭორიშვილს, ნიკოლოზ სამხარაძეს, კახა კუჭავას, შალვა პაპუაშვილს და თეა წულუკიანს. მინისტრებიდან კი საბჭოში ეკატერინე ტიკარაძეს წარადგნენ.
პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში ასევე იქნება პრემიერი გიორგი გახარია და არ არის გამორიცხული, საბჭოში ვიხილოთ გენპროკურორის ექსმოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც. ასევე, სავარაუდოდ, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, საბჭოში შეიძლება აღმოჩნდეს დიმიტრი სამხარაძეც. ერთ-ერთი ვერსიით, პარტიაში უქმდება გენმდივნის თანამდებობა, რომელიც ამ ეტაპზე კახა კალაძეს უკავია.
ამ საკითხზე “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ასეთი პასუხი გასცა:
– ბატონო გია, მართალია, რომ პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი უქმდება?
– (პაუზა) არა, არ უქმდება… მე თქვენი საინფორმაციო წყარო კი არ ვარ. თქვენ დაწერეთ, რა ინფორმაციაც გაქვთ – ასე და ასე ამბობენო. მე რატომ უნდა დაგიდასტუროთ? ყრილობა იქნება და ყველაფერს მაშინ გაიგებთ. მე არანაირი წყარო არ ვარ, არც – სანდო.
ამბები