“ჩვენ მილანში, “პატარა საქართველო” გვაქვს, ჩვენს პატარებს მამა კირიონი (მაჩაიძე) და მაკა გიგიაძეშორეულ იტალიაში ქართულ ფესვებს არ ავიწყებენ და ნამდვილ სამშობლოს აქედან აცნობენ.
გაიტალიელების საშუალებას არ აძლევენ, ყველაფერს ასწავლიან აქ, რაც ჩვენ დიდი რუდუნებით, საქართველოდან გულით წამოვიღეთ” – ასე უამბო მოკლედ, მაგრამ ემოციურად და მრავლისმთქმელად “პრაიმტაიმს” იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა.
მოსმენილმა დიდი გავლენა იქონია და მილანური ქართული სკოლით დავინტერესდით. ასე დავუკავშირდით ჯერ მამა კირიონს, მერე მაკა გიგიაძეს, რომელიც იტალიური “თამარიონის” დირექტორია.
მამა კირიონი მედიას არ სწყალობს, ის ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებს დიდ საქმეებს. მასზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ საქართველოში შეჭირვებული ოჯახების დამხმარეა.
ის, იტალიაში კი, ქართული საკვირაო სკოლის დიდი გულშემატკივარია და ამ სკოლის დაარსებაში სასულიერო პირმა ლომის წილი შეასრულა…
რაც შეეხება მაკა გიგიაძეს, მას თავად შეექმნა ის პრობლემა, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი ქართველების უმეტესობა აწყდება – მშობლიური ენის სწავლების სირთულე და შორეულ ქვეყნებში ჩაკარგული საქართველო.
მაკა როცა დედა გახდა, მას რამდენიმე თვით ბავშვის სამშობლოში ჩამოყვანა მოუწია, რათა მშობლიურ ენაზე საუბარი შეძლებოდა. მოგეხსენებათ, ეს ყველასთვის და ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ამიტომ საერთო პრობლემას დაუპირისპირდა და “თამარიონი” მამა კირიონის ლოცვა-კურთხებით დააფუძნა.
ამბობს, რომ ის პირველ რიგში, იტალიაში დაბადებული ბავშვის დედაა, რომლის ოცნება მილანურ-ქართული სკოლის არსებობა იყო. სკოლა კი არ არსებობდა, ამიტომ, შეხვედრებისას, ქართველი პატარები იტალიურად საუბრობდნენ.
“პირველ რიგში, ვარ იტალიაში დაბადებული და მცხოვრები ერთი ქართველი ბავშვის დედა, რომელიც 12 წლის მანძილზე ოცნებობდა, აქ, ქართული სკოლის არსებობაზე, რათა შვილი ქართულად აღმეზარდა.
ცოდნოდა მშობლიური ენა, ლიტერატურა, სამშობლოს ისტორია, კულტურა, ტრადიციები და სხვა. ყველაფერ ამას ოჯახში შეძლებისდაგვარად ვასწავლიდით.
ქართულად საუბარი რომ დაეწყო, ამისათვის დაახლოებით 5-6 თვით მომიწია მისი საქართველოში წამოყვანა და ლოდინი, ვიდრე ქართულად ალაპარაკდებოდა.
ვცდილობდით, წაგვეყვანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მისთვის სამშობლო გაგვეცნო, მაგრამ დამეთანხმებით, რომ სკოლა სულ სხვაა. თანაც, განა ყველა ქართველ ემიგრანტს შეუძლია იგივე გააკეთოს?! უცხოეთში მცხოვრები ბავშვების ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში ნამყოფი ან ძალიან იშვითად აქვთ ამის შესაძლებლობა. ვხედავდი იმასაც, რომ იმ იშვიათი შეხვედრების დროსაც (რასაც ვახერხებდით) ქართველი ბავშვები სულ იტალიურად საუბრობდნენ.
დღითი დღე იზრდებოდა ქართველ ბავშვთა რაოდენობა და უფრო და უფრო დიდი საშიშროების წინაშე ვდგებოდით, რომ ჩვენი შვილები წყდებოდნენ მშობლიურ ფესვებს და კარგავდნენ მშობლიურ ენას. წლები გადიოდა და ქართული სკოლა კი არსად ჩანდა. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ ეს მისია ავიღეთ საკუთარ თავზე. ჩვენი იდეა გავუზიარეთ მილანის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირიონ მაჩაიძეს, რომლის დიდი სურვილი იყო ქართული სკოლის გახსნა და მისი ლოცვა-კურთხევით შევუდექით კონკრეტულ საქმიანობას. დავაფუძნეთ ასოციაცია “ქართული სახლი”, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის, ტრადიციების და სხვა და სხვა სფეროების პოპულარიზაციას იტალიაში. ასოციაციის ერთ ერთი პირველი პროექტი გახლავთ ქართული საკვირაო სკოლა მილანში, რომელსაც ქართული სამრევლოს პატივსაცემად (წმინდა თამარ მეფის სახელობის), “თამარიონი” ვუწოდეთ და ეს სკოლა ჩვენივე სურვილით არის უფასო, რათა მილანში მცხოვრებ, ნებისმიერ ქართველ ბავშვს ქონდეს ქართული განათლების მიღების შესაძლებლობა.
ამიტომ სკოლის ყველანაირი ხარჯები უნდა დაეფარა ასოციაციას, მის მიერ მოწყობილი სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებით, მაგრამ მოულოდნელად დაიწყო ეს საშინელი პანდემია და ასოციაციამ ვერ მოასწრო ღონისძიებების ჩატარება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ შევწყვიტეთ სკოლის ფუნქციონირების დაწყება და პირიქით, წარმატებით გავაგრძელეთ საქმიანობა საკუთარი ხარჯებით, მამა კირიონის დიდი დახმარებით, უზომოდ მონდომებული მშობლების სრული ჩართულობით და ჩვენი არაჩვეულებრივი პედაგოგების, სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თავდაუზოგავი შრომით. დამერწმუნეთ, რომ ეს გზა მართლაც გარკვეული სირთულეებით იყო სავსე, რომელსაც კიდევ უფრო ართულებდა პანდემია, მაგრამ არ გვინდოდა გაგვეწბილებინა ჩვენი უსაყვარლესი ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც ჩემსავით წლების მანძილზე ოცნებობდნენ და მოუთმენლად ელოდებოდნენ ქართული სკოლის დაარსებას მილანში.
ბავშვები კი იტალიელ მეგობრებსა და მასწავლებლებს უკვე დიდი სიხარულითა და სიამაყით ამცნობდნენ, რომ მალე ქართულ სკოლაში დაიწყებდნენ სწავლას. ასე შეისხა ფრთები ჩვენმა იდეამ, და დღეს სკოლაში 52 მოსწავლე გვყავს. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, ქართველ-იტალიელი ბავშვები. ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია (საქართველოს მცოდნეობა), რელიგია. გვაქვს სხვადასხვა წრეები. ესენია: მუსიკა, ხატვა, მეტყველების კულტურა/ სასცენო ხელოვნება, ფოლკლორი, ქარგვა, კალიგრაფია. პანდემიის დასრულებისთანავე ვაპირებთ აგრეთვე ქსოვის, კერვის და ქართული კულინარიის კურსს. პედაგოგები უკვე გვყავს ამ კურსებისთვისაც. ჩვენი სკოლა მხოლოდ 3 თვის დაარსებულია და პირველივე დღიდან უდიდეს ემოციებში ვართ ყველანი. უდიდესია მშობლების (და არა მარტო მშობლების, ასევე , ჩვენი, პედაგოგების) ემოცია, რომელსაც ბედნიერების ცრემლებამდე მივყავართ, როცა ვხედავთ ნელ- ნელა როგორ იდგამენ ქართულად ენას ჩვენი პატარა ანგელოზები, რომელთა ნაწილი ისე მოვიდა სკოლაში, რომ ერთ სიტყვასაც ვერ ამბობდა ქართულად. დღეს კი, უკვე ქართულ ლექსებს ყვებიან და ქართულად მღერიან. მართლაც საოცარი ბავშვები არიან. უნიჭიერესები და მათ ნიჭიერებას ემატება მათი უდიდესი სურვილი და მონდომება ქართული ენის შესწავლისა.” – ამბობს მაკა გიგიაძე.
“პრაიმტაიმს” არაერთი ბავშვის მშობელი დაუკავშირდა, რომლებიც საჯარო მადლობას “თამარიოს” უხდიან, მაგრამ ყველა მათგანის გამოქვეყნება რაოდენობიდან გამომდინარე, რთული აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე ემოციური გამოხმაურებები ასეთია:
“რა საყვარლები არიან ჩვენი პატარა “თამარიონის” მერცხლები. ჩვენ ხომ თბილ ქვეყნებში ჩამოსული მერცხლებივით ვართ, გაზაფხულს რომ ელოდებიან თავის ქვეყანაში დასაბრუნებლად და ალბათ, მოვა ის გაზაფხულიც, ჩვენი ბარტყები ჩვენს უსაყვარლეს საქართველოს რომ დაუბრუნდებიან და ქართულად აჟღურტულდებიან. სიტყვებს ვერ ვპოულობ ისეთი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაკა გიგიაძეს, ბატონ ლიკლიკაძეს და მამა კირიონს, როგორიც მათ ეკუთვნით. მე ლუკა და ნიკოლო ბუთულაშვილების დედა, ია თეთრაული ვარ.” – გვწერს იტალიიდან ქართველი ემიგრანტი.
“ჩვენი შვილები სწავლობენ მშობლიურ ენას, ქვეყნის ისტორიას და ტრადიციებს.ამის გარდა, ურთიერთობა აქვთ ქართველ ბავშვებთან, უზიარებენ ერთმანეთს თავის განცდებსა და ემოციებს. პირად მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ სკოლაში მოსვლის შემდეგ ჩემი შვილი ნაკლებად განიცდის იმ პრობლემებს, რასაც იტალიურ სკოლაში აწყდება, ასე ვთქვათ გარკვეულწილად ფსიქოლოგიურადაც ძალიან ეხმარება. როგორც რიგითი მშობელი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი იტალიაში ქართულ სკოლაში დადის.” – აცხადებს კიდევ ერთი ემიგრანტი.
“მე ვარ თამო წითელაური ვცხოვრობ იტალიაში კერძოდ (მილანში) ოჯახთან ერთად, მყავს 7 წლის შვილი ნენე მაისურაძე. სკოლა “თამარიონის” არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, არა მხოლოდ განათლების მიღების მიზნით, არამედ – სხვა ქართველ ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა მილანის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა კირიონი (მაჩაიძე) და სკოლის დამფუძნებლები და პედაგოგები, რომლებიც ცდილობენ ქართველ ბავშვებს კიდევ უფრო შეაყვარონ შორეული სამშობლო. მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ დიდი მამულიშვილური საქმის ნაწილია.” – წერს ემიგრანტი თამო წითელაური.