გიორგი მენაბდიშვილი – “პირდაპირ მითხრეს, რომ მომკლავდნენ”

კასპში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი “მთავარს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პოლიციაში უთხრეს, რომ სამართალს იქ ვერ იპოვიდა.

“მთავართან” საუბრისას მენაბდიშვილი ყვება, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში. ერთი მეწილისგან ქარხნის 10 პროცენტიც შეიძინა. ქარხანამ მცირე, თუმცა მოგების მოტანა დაიწყო. პრობლემებიც ამის შემდეგ გაჩნდა. სხვა მეწილეებმა საქმეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს და ახალგაზრდა ბიზნესმენს წილიც წაართვეს და სამუშაოც.

მას შემდეგ რაც მუქარები სულ უფრო გააქტიურდა, გიორგი მენაბდიშვილი იძულებული გახდა, ოჯახი სხვა რაიონში გაეხიზნა. თავადაც სახლში ვერ ჩერდებოდა. მას პირდაპირ უთხრეს, რომ მოკლავდნენ.

მთავარმა გაარკვია, ვინ იყო კასპის პოლიციის უფროსის მეგობარი, ვის გამოც გიორგი მენაბდიშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს. ეს არის სოსო იაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა და დიდი გავლენაც ჰქონდა. კასპში კამერის მიღმა ყვებიან, რომ მისი შვილი ვაკო იაშვილი არის დაკავშირებული კასპში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და სწორედ მისი დახმარებით წაართვეს გიორგი მენაბდიშვილს ბიზნესი.

დაკავებული მენაბდიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა, მისი კლიენტი ემოციურ მდგომარეობაშია და დაცვაზეც უარს აცხადებს.

„დუმილის უფლება გამოიყენა და ხელი არაფერზე მოაწერა. დაცვაზე საერთოდ უარი განაცხადა, მაგრამ თუ ოჯახის წევრმა მოიწვია ადვოკატი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში ჩამოვცილდები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას სავალდებულო წესით ვიცავ. მას ვესაუბრე, ძალიან აღელვებული იყო და ემოციური მდგომარეობა ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.