რას დაპირდა სააკაშვილი “უცნობს”? – “არ მინდოდა, კიტოვანის, სიგუას სახელი დამრქმეოდა…”

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელიც წინა ხელისუფლების აქტიური და მწვავე ოპონენტი გახლდათ, 2008 წელს, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს.

ამის შესახებ მან „ტვ პალიტრის“ ეთერში, მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში ისაუბრა: „არ ვჩერდებოდი და არ ვეგუებოდი გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, ვისაც დაარეკინეს და ძალიან მთხოვა ავსულიყავი სააკაშვილთან შავნაბადაზე. ავედი, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. იქ იჯდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა – რა ვქნა, რა გავაკეთოო?! ოღონდ ახლა შენ გაჩერდი მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა ისეთი აღარ ვიქნებიო. მეთქი, რა უნდა მინდოდეს, ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო თქო. არ გიჯერებთქო. მომეცი სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე თქო და… კი ბატონოო, წაიღეო. კენია ხომ არ ვართო. ინაუგურაციაზე მილიონი სტუმარი ჩამოდის და იქ რომ სისხლისღვრა ავტეხოთ, თან ხომ იცი არავინ არ გააშუქებს ამასო. კარგი მეთქი. სხვა რა გზა მქონდა. სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო ის ხალხი რომ წამეყვანა. ნუ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და ვინ იყო მაშინ ის ოპოზიცია, დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რომ ზიან ისინი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაში ვიყავით. სატელევიზიო სიხშირესთან დაკავშირებით ინაუგურაციის მეორე დღესვე გადამაგდო. არ მინდოდა, კიტოვანის, სიგუას და იმათი სახელი დამრქმეოდა“, – ამბობს გია გაჩეჩილაძე.