მმართველი გუნდის ოპონენტები ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის ერთიანობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება და ერთი ადამიანის განსხვავებული მოსაზრებები და ქმედებები მათ პოზიციებს ვერ დააზიანებს.
ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი პარტია “მოქალაქეებთან” თანამშრომლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ელისაშვილს საერთო ოპოზიციური სპექტრის შეკრებებში მონაწილეობა თავად არ უნდა უნდოდეს.
“არავინ არ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ შედგა, მოიპარა და ვერ იფორმებს. მოპარულ ნივთს ივანიშვილი ვერ იფორმებს. ამაში ხელი არ შეუწყო დემოკრატიულმა ოპოზიციამ. ვინც კი შეუწყობს ხელს და მაინც შევა პარლამენტში, მენანება, ძალიან მძიმე შედეგებს მოიმკის,“ – აცხადებს ნიკა მელია.
”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ამოცანები არ შეცვლილა.
“პოლიტიკური ამოცანები არის ის, რაც იყო და არ შეცვლილა, ქართველი ხალხის საპროტესტო გამოსვლებითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შევქმნათ გარემოება, რომელიც “ქართულ ოცნებას” აიძულებს მიიღოს მისთვის არასასურველი, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები და დააბრუნოს მიტაცებული ძალაუფლება,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
“ლელოში” ფიქრობენ, რომ ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტი და არჩევანია.
“ჩვენი პოზიცია არის ცალსახა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას, ვისაც აქვს სურვილი პარლამენტში შესვლის, ეს არის მათი არჩევანი. ყველაზე მთავარი ამ მდგომარეობაში არის ის, რომ ოპოზიციის 54 არჩეული დეპუტატი დგას ერთ პლატფორმაზე და აგრძელებს ბოიკოტს და იმ 4 პუნქტის შესრულებას, რომელიც თავიდანვე იქნა გაცხადებული,“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება პარტია “მოქალაქეებს“, ისინი მნიშვნელოვნად კვლავ სამპუნქტიან შეთავაზებას მიიჩნევენ, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას გულისხმობს.
“მთავარი მიზანი აქ არის, რომ შეთანხმება შედგეს და გაყალბებული არჩევნებისთვის “ოცნებამ” აგოს პასუხი. ეს ჩვენთან შეთანხმებით მოხდება, ჩვენს გარეშე მოხდება, გირჩი შეძლებს ამას, ჩვენ თუ ყველა ერთად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარია შედეგი, რომ ეს კრიზისი, რაც შეიძლება მალე იქნას დაძლეული. თუ “ქართული ოცნება” დათმობს იმას, რაც დადო პირობა, რომ ოპოზიციის 4 მოთხოვნიდან 3-ს შეასრულებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში,“ – განაცხადა პარტია ”მოქალაქეების” წევრმა ივანე ნორაკიძემ.
“რუსთავი2”