დღეს საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა “ნაციონალ” ლევან ხაბეიშვილსა და ” ქართული ოცნების” წევრებს შორის.
ხაბეიშვილს სურდა , გარემოს დაცვის სხდომა დაეტოვებინა ყველას, რათა მარტო დარჩენილიყო ერეკლე კუხიანიძე. მისი ეს ინიციატივა, ცხადია, არ გაიზიარა უმრავლესობამ. რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ეს კაცი, კუხიანიძე, არ ჩერდება და ამბობს, რომ ოკუპანტებს ოკუპანტი არ უნდა ვეძახოთო, არ გავაღიზიანოთ და ასეთი კაცი დღეს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მაინც მოვიდა. ერთადერთი, რაც მოვთხოვე საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვა წევრებს, ვუთხარი, რომ ეს არ არის ისეთი პოლიტიკური საკითხი, რაზეც შეიძლება ვიკამათოთ, ამიტომ დავტოვოთ ყველამ კომისიის სხდომა, დავტოვოთ ეს კაცი მარტო და შემდეგში ან სხვა დარბაზში ჩავატაროთ ან მოგვიანებით გავმართოთ სხდომა, ამ კაცს ვაჩვენოთ რომ მარტოა – მეთქი. კაცი, რომელიც ჩვენს ტყვე მოქალაქეებს ლანძღავს და ლამის ოკუპირებულ ტერიტორებს აღიარებს, საკრებულოში უნდა იყოს? ნაცვლად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე კუხიანიძის მიმართ ყოფილიყო აგრესიული, პირობითად და მოეთხოვა, რომ კუხიანიძეს დაეტოვებინა დარბაზი, 20 წუთის განმავლობაში ადვოკატირებდა მას. მე მეჩხუბებოდნენ ნაცვლად იმისა, რომ კუხიანიძისთვის დაეტოვებინებინათ სხდომა. გადაეფარნენ ფიზიკურად,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, “კუხიანიძეს გადაეფარა უმრავლესობა”.
ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამ ინციდენტის შემდეგ კი ლევან ხაბეშვილმა სხდომა დატოვა.
„მათი ფიზიკური დაპირისპირების ვის ეშინია? თავის დაცვა ნამდვილად შემიძლია. გიორგი დოხტურიშვილი კი, ვინც ფიზიკურად დამიპირისპირდა, არის მედროვეობის კლასიკური მაგალითი, 2012 წელს 1 ოქტომბერსაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებს ვერ გამოგლეჯდით ხელიდან, ჩემი ხელქვეითი იყო პირადად. ეს მედროვე მზად იყო ერეკლე კუხიანიძე დაეცვა. ასეთი მედროვეებითა და გავრილოვებითაა დღეს „ქართული ოცნება“ სავსე. ახლა კი გარემოს დაცვის კომისიის სხდომა მიმდინარეობს ერეკლე კუხიანიძესთან ერთად. ყველა სხდომაზე იქნება ასე, სანამ ეს კაცი აქ იქნება,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
წყარო : “ინტერპრესნიუსი’