“სიკვდილი ქურდებს”. ჩეჩნეთის ლიდერი ე. წ. “კანონიერ ქურდებს” არ აღიარებს

რუსეთის შემადგენელი ნაწილის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი ე. წ. “კანონიერ ქურდებს” და მათ საქმიანობას არ აღიარებს და ებრძვის კიდეც. როგორც თავად ამბობს, მან ერთი წინადადება თქვა და “ქურდები” ჩეჩნეთში დაასრულა.

“არ ვაღიარებ ქურდულ კანონებს. ერთხელ ჩეჩნეთის ყველა ქურდი შევკრიბე და მათ ვუთხარი, რომ თავი დაენებებინათ ჩეჩნეთში თავიანთი ქურდული საქმეებისათვის” – განაცხადა კადიროვმა 23 დეკემბერს გროზნოში, ყოველწლიური პრეს-კონფერენციის ფარგლებში.

ჩეჩნეთში “უკეთესი კანონებია”, ვიდრე “ქურდული”, – ასევე აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

მანამდე, თავის პრეს-კონფერენციაზე, კადიროვთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი ყოველდღიურად ებრძვის დანაშაულებებს და საკუთარ თავს საფრთხეში იგდებს, ამიტომ იგი ღირსია, ატაროს რუსეთის გმირის წოდება.