ევროპის პარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირისგან მოითხოვს, შეაჩეროს თითქმის დასრულებული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით.
ევროპის პარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბერლინიდან დაბრუნებისთანავე დაკავების გამო. ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა ზაფხულში ნერვული მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ. ის 18 იანვარს დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
ევროპის პარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც არა აქვს იურიდიული ძალა, ბრიუსელს მოუწოდებს, გაფართოვდეს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული სანქციები და შეეხოს ისინი მათ, ვინც მონაწილეობდა მის დაკავებაში.
სანქციები უნდა შეეხოს ასევე „რუს ოლიგარქებს“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „უახლოეს წრეს“ და „მედიაში პროპაგანდისტებს,“ რათა ევროკავშირმა ცხადად აჩვენოს, რომ „ის აღარ იქნება რუსეთის დაუდგენელი წარმოშობის სიმდიდრისთვის კეთილი მასპინძელი“.
ევროკავშირის ქვეყნებმა „უნდა გადახედონ რუსეთთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში და პროექტებში, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის დასრულებაც ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს“, წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციის მიღებას მხარი და უჭირა 581-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 50.