„ალია“ აგრძელებს ინტერვიუებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის მიერ სამსახურებიდან განთავისუფლებულ ადამიანებთან. „ალიას“ ამ თემაზე ესაუბრება სოხუმელი ლაზი, მოქანდაკე ნერსე ბაცაში, რის შესახებაც წინა ნომერში დავაანონსეთ.
– ბატონო ნერსე, მაინც როგორ ხსნით იმას, რომ ამ პოსტზე დანიშვნისთანავე რუსლან აბაშიძე კადრებს ისე დაერია, როგორც ბაგრამიანის დივიზია აფხაზეთის ომის დროს ქართველებს და ამაზე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ხმას რატომ არ იღებენ?
– მართლაც, ასე ხელაღებით დაგვერია რუსლან აბაშიძე. ამიტომ მივედით მე და საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან ნუგზარ მგალობლიშვილთან. ეს შეხვედრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მეშვეობით შედგა, თუმცა ის ოთახიდან გავიდა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ შლით აფხაზეთის მხატვართა კავშირს, რატომ დაერიეთ ახალგაზრდა მხატვრებს-მეთქი, ნუგზარ მგალობლიშვილის პასუხი არ გაინტერესებთ? იმიტომ, რომ სატანა ვარო, – მოგვაძახა. ჩვენ გაკვირვებისგან პირი ღია დაგვრჩა. ამ კაცთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა. კარი გამოვიხურეთ და წამოვედით!
– ვინ არის ამ ყველაფრის დირიჟორი? ეტყობა, რუსლან აბაშიძე მარტო არ მოქმედებს და ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. ვინ დგას მათ უკან?
– ვინ უნდა იყოს, გარდა მოსკოვისა. ახლა გიკვირთ, გამსახურდია რომ ამბობდა ასეთ ადამიანებზე, ყველანი კრემლის აგენტები არიანო? მაშინ ეს ნათქვამი ზოგიერთებმა ძალიან იტკიცეს. ახლა ყველაფერი ორჯერ ორი არ გახდა?!
– პირადად მე არაერთი ინტერვიუ მომიმზადებია ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილთან, „ალიას“ მკითხველს კარგად ახსოვს ის ინტერვიუ, სადაც ბატონი ნუგზარი აცხადებდა, რომ იყო ზვიადისა და მერაბის განუყრელი მეგობარი. იცით, რა მითხრა მან: როცა მერაბ კოსტავა თორმეტწლიანი პატიმრობიდან დაბრუნდა, ჯერ დედა მოინახულა და შემდეგ სოხუმის ბილეთი აიღო და ჩემს სახლში ჩამოვიდაო. კიდევ უფრო მეტიც: მაშინ, როცა ამ ზაფხულს რუსლან აბაშიძემ კახეთში მოაწყო ვოიაჟები, ნუგზარ მგალობლიშვილმა მიატოვა იმ მიზეზით, რომ ქვეყანას უჭირს და „საგულაოდ“ არ გვაქვს საქმეო. თბილისში ჩამოვიდა და მივლინების ფულიც კი უკან დააბრუნა. სად გვაქვს ჩვენ ზედმეტი ხარჯების გაცემის უფლებაო. ამას ყვებოდა „ალიასთან“ ინტერვიუში.
– ჩემი პასუხი ასეთია: ნუგზარ მგალობლიშვილი თუ ბიუჯეტის თითოეულ თეთრს უფრთხილდება, თვითონ 40-50 ათასიან ჯიპზე რატომ ზის, რომელიც გამოუყვეს და თვითონ მართავს? მხატვართა კავშირის დაფინანსება მთლიანად 50 ათასი ლარი იყო, მეტი კი არა და ის მოგვიხსნეს ჩვენ. აი, სად იფანტება მილიონები. ამ დროს გამსახურდიას ერთი სამსახურეობრივი „მერსედესი“ ჰყავდა და იმას გადააყოლეს პრეზიდენტი. ჩვენ ხელფასებიც მოგვიხსნეს, დაფინანსებაც და ამ დროს მგალობლიშვილი იძახის, მხატვრები ფულს სიმპოზიუმებზე ხარჯავენო. და როცა ლიტვაში წავედით, „საგულაოდ“ წავიდნენო, იძახდა. ლიტვაში, ანგელოზთა მუზეუმში, ბევრი ნამუშევარი დავტოვეთ. ლიტვაში, იმ ადგილზე, სადაც ლენინის ძეგლი იდგა, ჩემი გაკეთებული ქანდაკება – მთავარანგელოზ მიქაელის ძეგლი უნდა დაედგათ, მაგრამ ისიც ამ მთავრობამ ჩაშალა. ასეთი ადამიანი კულტურის კურატორად მუშაობს. მხატვრები წინააღმდეგები ვართ, რომ ის ამ თანამდებობაზე მუშაობდეს და კულტურას კურატორობდეს. პირდაპირ ვიტყვი, მგალობლიშვილი იმიტომ იქცევა ასე, რომ ჩვენ, აფხაზ ხელოვან ხალხთან არ გვქონდეს ურთიერთობა. სანამ ჩვენ, მხატვრები, მგალობლიშვილს შევხვდებოდით, მანამდე ხომ მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შევხვდით. ჩვენი შეხვედრა ჩხუბით დამთავრდა. სიცილი დაიწყო, როცა ამერიკაში მუჰამედ ალის ქანდაკების დადგმაზე წამოვიწყე ლაპარაკი. მუჰამედ ალი მთელი მსოფლიოს კერპი იყო. იცინოდა, ვუთხარი, ხელფასი მაინც დაგვიტოვეთ-მეთქი. ამაზეც უარი თქვა. მე იმდენი რამ გამიკეთებია, ეს ყველაფერი ხომ ქვეყანაში დარჩება. ამათ კი ცუდის მეტი – არაფერი. ახლა ცნობილ აფხაზ მხატვარ გენა ლაკობასთან ერთად გვინდოდა გაგვეკეთებინა ქანდაკება, მაგრამ აბაშიძეს არ უნდა ჩვენი დაახლოება. ახლა მსოფლიოში ბრძოლები მიდის პატიოსან, ნორმალურ ადამიანებსა და სატანას შორის. შევარდნაძეც რუსეთის დავალებებს ასრულებდა, მაგრამ ისიც კი იხევდა ზოგჯერ უკან. მე გავაკეთე ქანდაკება „ძმათა მონანიება“, რომელმაც გაეროს კონკურსში გაიმარჯვა, მაგრამ ამ კაცს არაფერი აინტერესებს. დაგვშალა, ორს სიმბოლური ხელფასი ჰქონდა და ისიც კი აღარ გვაქვს დღეს. მას საერთოდ არ აინტერესებს ადამიანის ბედი. ამათ უნდათ შემოქმედებითი კავშირების მოშლა. ახლა ციხეში კი არა, კარცერში ვართ და ვიღაცას უნდა ჩვენ, ხელოვანი ადამიანები, კალაპოტში მოგვაქციოს. კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა თავისი განცხადების საფუძველზე წავიდა, მაგრამ ჩვენ, მხატვრებს, ხელი არ მოგვიწერია მის განთავისუფლებაზე. ახლა კოვიდის გამო ვართ გაჩერებულები და მერე დავიწყებთ მოძრაობას.
– ბატონო ნერსე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად ეკა ხოფერიას დანიშვნას როგორ შეხვდით?
– ეკა ხოფერია ძმაკაცის სახლში გავიცანი. მთავარია, აქვს კი „ბაგაჟი“, რომ განმუხტოს ეს სიტუაცია? მგონი, ისიც „ჩემი ცოლის დაქალებიდანაა“.
– თქვენ ორჯერ ადრე გადაგასახლეს და ახლა მესამედ მოგიწიათ დევნილობაში ყოფნა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ კონსტანტინე გამსახურდიასთან ახლო ურთიერთობა გქონდათ, ასევე -პირველ პრეზიდენტთან…
– ორი წლის ვიყავი, როცა მშობლებთან და ძმასთან ერთად სოხუმიდან გადაგვასახლეს. თურქებად მოგვნათლეს. ჯერ ციმბირში ვიყავით 10 წელი და შემდეგ ყაზახეთში 10 წელი. ჩემი ერთი ძმა ციმბირში დაიბადა, მაგრამ გაიყინა და გარდაიცვალა. ჩემი მეორე ძმა წათე ბაცაში ცნობილი მეცნიერია, აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი. ჩემი მშობლები აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილობაში იყვნენ და თბილისში არიან დასაფლავებული. კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ გადასახლებაში წავიკითხე. მწერალს ლაზები ჰყავს მოხსენიებული. პატარა ბავშვი ვიყავი, რომ დავიფიცე, ამ წიგნის ავტორი უნდა გავიცნო-მეთქი. 17 წლის ვიყავი, როცა სოხუმში ჩამოვედით. შემდეგ თბილისში, სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, აკადემიის რექტორმა აპოლონ ქუთათელაძემ გამაცნო დიდი კონსტანტინე. აქედან დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა. ზვიადთან და მერაბთან ძალიან ახლოს ვიყავი. კონსტანტინეს მეუღლესთან, ქალბატონ მირანდასთან, დედაჩემის გაკეთებული წამალიც მიმიტანია. მე ახალგაზრდა ასაკში უკვე გავლილი მქონდა კაცობის ინსტიტუტი. 1968 წელს აკადემიაში ჩამკეტეს. უნდოდათ ჩემი გატეხვა. როცა არაფერი გამოუვიდათ სპეცსამსახურის თანამშრომლებს, მითხრეს, ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ ჩვენს გარეშე არაფერი გამოგივაო. მპირდებოდნენ ძალიან ბევრ რამეს. მათი წინადადება იყო, მე თურქეთში წავსულიყავი და ლაზების აჯანყება მომეწყო, რაზეც, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადე. თურქები ლაზებს ამოჟლეტდნენ. წასვლისას მითხრეს, ჩოქვა-ჩოქვით მოხვალ ჩვენთანო. მე ორი უდაბნო მაქვს გავლილი და ამასაც გავუძლებ-მეთქი და ისინი აკადემიიდან გავაგდე. აკადემიიდან დამავალეს, რომ გამეკეთებინა დიპლომი ქანდაკების სახით და აფხაზეთში, სოხუმის ფუნიკულიორის მთაზე დაედგათ ეს ქანდაკება სიმბოლოდ, მერე კაგებემ რომ გაიგო, ჩაშალეს მისი დადგმა. ეს ქანდაკება ნოეს ქანდაკებად ვაქციე. ჩემი ქანდაკებების ფოტოები გამოყენებულია გელათის აკადემიაში.
– ამჟამად ძეგლი სად არის?
– ჩემს სახელოსნოში. ბევრი რამ, რაც შევქმენი, აფხაზეთში განადგურდა. ჩვენ პირველი პრეზიდენტი მოგვიკლეს, ქვეყანა წაგვართვეს, აფხაზეთი კაგებეს გენერალმა ედუარდ შევარდნაძემ გაასხვისა. ჩვენს ქვეყანას დღემდე მართავენ შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრეები და იმიტომ ვართ ამ დღეში. ხალხი გონზე უნდა მოვიდეს. ქვეყნის სათავეში ვინც უნდა მოვიდეს, მის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ვინ არის, რა წარსული აქვს. ასევე პარლამენტში ვინც მოდის, ისიც საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი. ჩვენი ქვეყანა სამოთხეა და მას უნდა მართავდეს პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი. ჩვენი ქვეყანა ყველაზე მდიდარია მსოფლიოში თავისი ბუნებრივი პირობებით და ქართველ ხალხს ასეთ გაჭირვებაში და სიღატაკეში ხდიან სულს ოლიგარქები, რომლებმაც ყველაფერი ხელში ჩაიგდეს.
– ბატონო ნერსე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე რას იტყვით?
– ის პოლიტიკოსი არ არის. ბიზნესმენია და ბიზნესს დაუბრუნდეს.
ნანა სულავა, ალია