18 იანვარს, თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის მზიკა ხუსკივაძე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა ავჭალაში, კომენდანტის საათის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც მას, საკუთარ სახლთან ახლოს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
ტრაგიკული შემთხვევის შესახებ “ამბებს” მზიკა ხუსკივაძის ნათესავი ესაუბრა.
“ჩვენი ინფორმაციით, მზიკას მისივე უბნელი 15 წლის მოზარდი დაეჯახა. მშობლებისთვის მანქანა მოუპარავს. იციან, ვინც არის ეს ბავშვი, არსად მიმალულა. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება. საშინელი შემთხვევა იყო… სასწრაფო რომ მოვიდა, გული ჯერ კიდევ უცემდა თურმე, ძალიან სუსტად და მალევე გარდაიცვალა. იმდენად ძლიერი იყო შეჯახება, გულ-მკერდი მთლიანად შეულეწა, მარცხენა მხარი სხეულიდან მოგლიჯა და მიაკერეს…
ორი შვილი დარჩა ობლად – 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა. თავადაც ობლობაში იყო გაზრდილი, შორენას მამა რევაზ ხუსკივაძე, მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი გახლდათ და ისიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მზიკას ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ბავშვებს არაფერს მოაკლებს, მაგრამ ჯერ შოკშია. სასწრაფოს გამოძახებას ვერ აუდიან, იმდენად მძიმედ არის ემოციურად” – ყვება გარდაცვლილის ახლობელი “ამბებთან”.
ხუსკივაძის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი.
“მერე რა რომ არასრულწლოვანია?! შესაბამისად უნდა დაისაჯოს ისიც და მისი მშობლებიც. ბავშვმა მანქანის გასაღები როგორ უნდა მოგპაროს?” – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი “ამბებთან” საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276- მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია.