ბინების ფასები თბილისში რაიონების მიხედვით

2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 672 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) შემცირდა და 638 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ, Colliers International Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც 202 წლის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარია მიმოხილული.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ წელს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საბურთალოზე, ფონიჭალასა და ბაგებში შემცირდა 10%, 9% და 4%-ით. წყნეთში, მთაწმინდაზე, გლდანსა და ნაძალადევში კი გაიზარდა 14%, 9% და 7-7%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალასა და წყნეთში ახალაშენებული ბინების ბაზარი ნაკლებად აქტიურია. რაც შეეხება ახალაშენებული ბინების საშუალო ფასებს ცალკეული უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ვაკე – 1 139 აშშ დოლარი;
  • მთაწმინდა – 1 091 აშშ დოლარი;
  • ბაგები – 870 აშშ დოლარი;
  • საბურთალო – 788 აშშ დოლარი;
  • წყნეთი – 785 აშშ დოლარი;
  • კრწანისი – 739 აშშ დოლარი;
  • ისანი – 703 აშშ დოლარი;
  • ჩუღურეთი – 673 აშშ დოლარი;
  • დიდუბე – 657 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი – 579 აშშ დოლარი;
  • სამგორი – 550 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი – 548 აშშ დოლარი;
  • გლდანი – 525 აშშ დოლარი;
  • ფონიჭალა – 448 აშშ დოლარი.

კვლევის თანახმად, 2020 წელს ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.