„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე ბათუმში, აქციაზე დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო თანაპარტიელ სალომე სამადაშვილს უპირისპირდება.
„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს კიდევ დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა ( პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე).
ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია!
საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი!
ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება!
არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“, – წერს ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში.
ბათუმში, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნულ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამაზრზენი უწოდა.
„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – დაწერა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში.