რუსეთის სამხედრო კორპორაცია “როსტეხმა” შორი რადიუსის მოქმედების, ახალი თაობის მოიერიშე-დამჭერი თვითმფრინავის გამოშვებაზე მუშაობა დაიწყო. ახალი თვითმფრინავის პირობითი დასახელებაა “მიგ-41” (МиГ-41). უკვე ჩატარდა 200 სხვადასხვა სახის ტესტი.
თავის პირველ ფრენას “მიგ-41” უკვე 2023 წელს შეასრულებს, ხოლო 2030 წლისთვის მისი სერიული გამოშვება დაიწყება. ახალი თვითმფრინავი ჩაანაცვლებს “მიგ-31”-ს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა ათვისებული 1981 წელს.
რუსეთის ავიამშენებელ კორპორაცია “МиГ”-ში აცხადებენ, რომ “მიგ-41” სამხედრო ამოცანების შესრულებას ახლო კოსმოსშიც შეძლებს. ეს იქნება “აბსოლუტურად ახალი თვითმფრინავი და არა წინამორბედის ღრმა მოდერნიზაცია” – იუწყებიან კონსტრუქტორები, რომლებმაც დასძინეს, რომ “მიგ-41”-ში გამოიყენება სრულიად ახალი ტექნოლოგიები არქტიკულ სივრცეში სამუშაოდ, ხოლო პერსპექტივისთვის, თვითმფრინავი პილოტის გარეშეც შეძლებს მთელი რიგი სამხედრო ამოცანების განხორციელებას.
მართლაც საოცრებაა – 25 კილომეტრზე მაღალ სივრცეში ანუ ახლო კოსმოსში, ახალი თვითმფრინავი საათში 4500-კილომეტრიან სიჩქარეს განავითარებს, მისი დამჭერობის რადიუსი კი 1500 კილომეტრი იქნება. მიზანს “მიგ-41” 300 კილომეტრამდე გაანადგურებს Р-37 და Р-37М რაკეტების საშუალებით.
რუსული თვითმფრინავის ტექნოლოგიურობას ამერიკელი სამხედროებიც აღიარებენ. 2020 წელს ჟურნალმა “Military Watch” ივარაუდა, რომ “მიგ-41” შეითავსებს “მიგ-25” და “მიგ-31”-ის ყველა უპირატესობას, ახალი თაობის ტექნოლოგიებთან ერთად. ამრიგად, – წერდნენ ამერიკელი ექსპერტები, “მიგ-41” შეძლებს, დაემუქროს პირობითი მოწინააღმდეგის კოსმოსურ თანამგზავრებს. ასევე ამერიკულმა გამოცემამ “The National Interest” ახალი რუსული თვითმფრინავი მე-6 თაობას მიაკუთვნა.