შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია – გია ხუხაშვილი

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება.

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრიასას განაცხადა, ახლა „ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ“.

„ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ხელისუფლების შეცდომები ან ის პრობლემები გამოიყენოს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ეს არის კლასიკური პოლიტიკური პროცესი, მთავარია ეს ყველაფერი ეტეოდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის ტესტი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება საგაზაფხულოდ გარკვეული მასშტაბის აკრეფა იმისათვის, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანები იყოს გადაწყვეტილი. ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ. სამწუხაროდ, არსებულ ხელისუფლებას საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, რაც კიდევ უფრო დასუსტდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თამაშიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. ამ საზოგადოებისთვის უხერხულია კობახიძის ქვეყანაში ცხოვრება. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ის აღიქმებოდა ძალის ცენტრად, ერთგვარი სტაბილურობის გარანტად. დღევანდელ ხელისუფლებაში ეს განცდა შესუსტებულია. შესაბამისად, დელეგიტიმაციის მცდელობები გაგრძელდება. ვფიქრობ იმას, რაც დღეს ხდება, ანუ კანონის ზღვარზე სიარულს, ადგილი მერეც ექნება. შეიძლება ამას პრეცედენტული ხასიათიც ჰქონდეს და ქაოსისკენ მივდიოდეთ. ჩვენ სახელმწიფოს განვითარების არცერთი სფერო არ გვაქვს, სადაც სრული დეგრადაცია არ არის. როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს გაუარესება. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს პოლიტიკური ჩიხი. ერთი კვირა გვაქვს დარჩენილი იმ წითელ ხაზამდე და იმ რუბიკონის გადალახვამდე, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური ჩიხი საბოლოოდ გაფორმდება. თუ ჩვენ ერთი კვირის შემდეგ მივიღებთ ჩაბეტონებულ, სტერილურ, ერთპარტიულ პარლამენტს, ბუნებრივია ეს სამომავლოდ ძალიან სერიოზული რისკების შემცველი მოცემულობა იქნება. ამის წინაისტორიას და საარტილერიო მომზადებასთან გვაქვს ახლა საქმე“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო: ptn.ge