პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტი 2 თებერვალს კენჭს უყრის ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი ცდილობს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მიიყვანოს, რომ ოპოზიციონერებმა „რაციონალური გადაწყვეტილება” მიიღონ.
„უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. საპროცედურო კომიტეტი მათ განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ წარედგინა ბიუროს რეგლამენტის თანახმად და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება 2 თებერვლამდე რჩებათ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათი დიდი ნაწილი ამ ვადის განმავლობაში რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
“რეზონანსი”