რაზეა დამოკიდებული სწავლის გეგმაზე ადრე დაწყება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში?

1-ელ თებერვალს, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის რასაკვირველია საკლასო ოთახია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, განათლების მინისტრის განმარტებით, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელება 1-ელ მარტს იგეგმება, თუმცა ეს პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტულ ეპიდისტუაციასთან.

„ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი. ანუ, თუ 1-ელ მარტამდეც ეს 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

“რეზონანსი”