“არ ვარგა ხელისუფლება – ივარგე შენ! ოპოზიცია! მორჩი თათბირს და ჩაუდექი სათავეში ხალხს! – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრის გასამართლებლად ჩემთვის არაა არგუმენტი რომ მანამდე ეს ვიღაც სხვამ გააკეთა და თუ იმას აპატიეს, ამასაც უნდა აპატიონ.

ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრის გასამტყუნებლად ჩემთვის არაა არგუმენტი რომ ეს ძალადობის აქტია, თუ ამ ნაგავს ის აყრის თავზე სხვას, ვინც, უკვე წლებია, ამავე ნაგავში საჭმელს ეძებს და იმას აყრის, ვინცაა ამის მიზეზი.

გულისამრევია, როცა უყურებ, ადამინს თავზე ნაგავს როგორ აყრიან.

უფრო მეტად გულისამრევია, როცა ბუნკერში ჩაყუდებულ მშიერს ხედავ, როგორ იღებს ნაგვიდან საჭმელს.

რომელიმე მოხუც პენსონერს რომ დაეცალა რომელიმე გაზულუქებული მინისტრის თავზე ის ნაგავი, რომელშიც ეს პენსიონერი საჭმელს ეძებს, ამას ვინმე გააპროტესტებდა?!

რატომაა შეურაცხყოფა ამ ნაგვის თავზე დაყრა მისთვის, ვინც ნაგავში საჭმლის საძებნად გაიმეტა საკუთარი მოქალაქე?! ეს მოქალაქე, ვინც ამ ნაგვიდან ამოღებულ საჭმელს ჭამს, არ არის შეურცხყოფილი?!

ხოდა კარგად დაფიქრდით ყველა, ვის უნდა მოთხოვოთ პასუხი ამაზე!

მატერიალურად, მორალურად განადგურებული ადამიანი მხოლოდ მაშინ იქცევა ასე, როცა მას არც კანონის – ანუ ხელისუფლების და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგის – ანუ ოპოზიციის იმედი აღარ აქვს.

და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ დააყრის გაზულუქებულებზე მიყიდულს ნაგავს თავზე – მოხუცი პენსიონერი თუ მისი შვილიშვილი!

იმისათვის რომ არ დავემსგავსოთ ბოროტებას, რომელსაც ვებრძვით, ამ ბრძოლას გონივრული მართვა სჭირდება ოპოზიციის მხრიდან.

დღეს ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და არა დავგმოთ, რადგან ყველა მსხვერპლი ვართ და ამ წინააღმდეგობის პოლიტიკური მართვის გარეშე ქაოსი და თუნდაც მიუღებელი ფორმით პროტესტის გამოხატვა გარდაუვალია!

ოპოზიცია! მორჩი თათბირს და კი არ დაგმო, ჩაუდექი სათავეში სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მისულ ხალხს!

არ ვარგა ხელისუფლება – ივარგე შენ!”