თენგიზ ცერცვაძე – შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები, სადაც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია.

“მე ერთი მხრივ ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ველა იმას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ამ ნაწილობრივი “ლოქდაუნის” და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში და ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი, მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების რისკის რიცხვის ზრდას, ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ ბუმერანგივით დაგვარტყა უკან და გამოიწვია ხელმეორე იძულებითი შეზღუდვები. ახლა იცით ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო სულელები სხვის შეცდომებზე – ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, როდესაც გადაჭარბებული ოპტიმიზმით, დაუფიქრებლად გავხსენით ყველაფერი. მე როგორც სპეციალისტი ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას. ეს მესმის, რომ ცუდია ბიზნესის ცალკეული სფეროებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებისთვის, მაგრამ უკეთეს გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ერთადერთი შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი. დღეს საუკეთესო გამოსავალი, როდესაც მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა და მეორე მხრივ უკვე გვაქვს სერიოზული მონაპოვარი, სტაბილურია ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია, აი როგორმე მივაღწიოთ იმასაც, რომ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები სადაც მოხსნა შესაძლებელია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო: ptn.ge