საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებაში, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება.
ცნობილი რუსული სარაგბო საიტი “rugger.info”, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის – ლინ ჯონსის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.
– როგორ მიმდინარეობს შეკრება?
ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, ბევრს ვმუშაობთ როგორც პრაქტიკულ ნაწილში, ასევე თეორიულად. რაც ყველაზე მთავარია მორაგბეები კარგი ენთუზიაზმით არიან შემართული. დაბრუნება რთული იყო, რადგან მათ ეროვნულ ნაკრებში ძალიან დიდი ხანია არ უვარჯიშიათ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო მორაგბეები არიან შეკრებილები.
– ასეთი დიდხნიანი პაუზა ცუდი შედეგის მომტანი ხომ არ იქნება რუსეთის ნაკრებისთვის?
თითქმის ყველა ქართველი საფრანგეთში თამაშობს და ახლა იქ შუა სეზონია, შესაბამისად მათ თამაშის პრაქტიკა აქვთ. მგონია, რომ პირველი ტაიმი თანაბარი ბრძოლა იქნება, თუმცა მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ძალისა და გამოცდილების ხარჯზე შესაძლოა გაგვიჭირდეს, ფავორიტი საქართველოა.
– ნაკრებში გამოიძახეთ 3 მოთამაშე, რომლებიც თამაშობენ TOP 14-ში, როგორ შეაფასებდით მათ დამატებას?
მსოფლიოში ყველა სარაგბო ქვეყანა ცდილობს სხვა ქვეყნის მოთამაშეებით გაძლიერებას. დროა, რომ რუსეთმაც დაიწყოს ეს. ახლაც არიან ჩვენს ნაკრებში ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც რუსული ფესვები აქვთ, მაგალითად ლუკ ბროკი, რომელსაც დედა რუსი ჰყავს და შეკრებაზე ზამთარში ჩვენ დაგვემატა. ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და იგი ჩვენ გაგვაძლიერებს. მგონია, რომ მისი როლი ჩვენს ნაკრებში ძალიან დიდი იქნება. ასე, რომ კარგი მოთამაშეების მოსაზიდად დროც და ფულიც უნდა დავხარჯოთ.
– შეგიძლიათ დაასახელოთ 3 კომპონენტი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აღემატება რუსეთის ნაკრებს?
პირველი – ფიზიკური მომზადება. მეორე – რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს საშუალება მიეცა ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან თამაშის და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. მესამე – ქართველები რუსეთთან არასდროს დამარცხებულან და ფსიქოლოგიურად ქართველები ბევრად ძლიერები არიან, მაგრამ მე რუსეთის ნაკრებში ვარ იმიტომ, რომ მორაგბეებს დავუნერგო ის ფსიქოლოგია, რითაც ქართველების დამარცხებას შეძლებენ.
– რა გეგმა გაქვთ, რა სქემით ითამაშებთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ?
რა თქმა უნდა, გეგმა გვაქვს, თუმცა ამას ახლა ვერ ვიტყვი. ეს ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. თითოეულმა მორაგბემ იცის, თუ როგორი რთული თამაში გვექნება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. თუ კარგად ვითამაშებთ და ყველა შანსს გამოვიყენებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ”.
– თუ საქართველოს ნაკრებს დაამარაცხებთ, თავს გადაიპარსავთ?
არა, თავს არ გადავიპარსავ, მაგრამ თუ ქართველებს დავამარცხებთ, მინდა შევხვდე ვლადიმერ პუტინს, რომ იური გაგარინივით, გმირის წოდება გადმომეცეს..