“მე ვთქვი, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა-მეთქი და არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი დამსახურება იყო მათი გათავისუფლება” – ამის შესახებ მედიასთან “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო, ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. რაც შეეხება იმას, ვისი დამსახურებაა, ეს არის მოლაპარაკების პროცესის დამსახურება. ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით, ოპოზიციიდან ცდილობდა ჩემი ნათქვამი გადაეკეთებინა, ზოგი მედიაც ცდილობდა ამას, რომ წარმოეჩინა ისე, თითქოს, ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა-მეთქი და არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი დამსახურება იყო ამ ადამიანების გათავისუფლება. არ მითქვამს, ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიე.
ვიმეორებ, ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია სხვა საკითხებზეც წავიწიოთ და სხვა საკითხებზეც შევთანხმდეთ. ჩვენ არავის არაფერზე ვევაჭრებით, ნათქვამი გვაქვს, რომ პოლიტპატიმრების საკითხი იყო და არის ერთჯერადი საკითხი, მაგრამ საშვილიშვილო საკითხი არის საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო წესები და ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ეს არის საკითხები, რომელიც საქართველომ 30 წელი ვერ მოაგვარა და ახლა გვაქვს შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. თუ ამაზე შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში” – განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო: itv.ge