1936 და 1939 წლებში მეექვსე კარტოგრაფიულ ფაბრიკაში საკავშირო კარტოგრაფიულ ტრესტში რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1932-33 წლების აგეგმვის მიხედვით შედგენილ იქნა საქართველოს რუკები.
1936 წელს შედგენილი რუკა გაცილებით დეტალურია და მისი მასშტაბია 1:200 000, რაც იმას გულისხმობს, რომ 1 სმ-ს 2 კილომეტრი შეესაბამება. უკვე მოგვიანებით 39 წელს ნაკლებად დეტალური 1:500 000 მასშტაბის რუკა შეიქმნა. „ის 5-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა, რუკის ტექნიკური რედაქტორები კი სინილნიკოვი ბ.ე. და რუდენკო ს.ს. იყვნენ – როგორც ხედავთ, ქართული გვარი დაფიქსირებული საერთოდ არ არის. რუკა დაბეჭდილია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს თბილისის მერვე კარტოგრაფიულ ფაბრიკაში. ადმინისტრაციული საზღვრები მოცემულია 1938 წლის მონაცემებით. ამ დეტალური რუკის მიხედვით, კომპლექსი მთლიანად მოქცეულია საქართველოს ტერიტორიაზე. კომპლექსი კი არა, მთა უდაბნოს მიღმა დაახლოებით 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაც ჩვენ გვეკუთვნის“ (თ. გორდეზიანი).
აზერბაიჯანელებს დავით გარეჯის პრობლემის გადწყვეტა 1945 და 1963 წლებში შედგენილი რუკის საფუძველზე სურთ. აღნიშნული რუკებიც სახელმწიფო გამომცემლობაა, თუმცა მასშტაბი კიდევ უფრო დეტალურია – 1:100 000. აღნიშნული რუკების მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე საზღვარი პირდაპირ მთის წვერზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ უდაბნოს მონასტერი მეზობელი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიებზე ხვდება. თუმცა აქვე არის ერთი პრობლემა – ამავე რუკების მიხედვით, წითელი ხიდი, რომელიც ამჟამად ორივე ქვეყნის კონტროლს ექვემდებარება, მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება, რადგან ამ რუკებით საზღვარი ხიდის სამხრეთ კიდესთან გადის, მერე ხრამს მიუყვება და შემდეგ ჩრდილოეთით ამოდის.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტოპოგრაფიული რუკები