ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოსთან ვაჭრობის აღდგენის და მისთვის ოფიციალური სახის მიცემის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
შამბას მიაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარების მოწინააღმდეგეები კონტრაბანდულ საქმიანობაში არიან ჩართულები. „მე არაერთხელ მითქვამს. მოდით ეს ყველაფერი დავაკანონოთ, დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები. რაც საზღვარს კვეთს – საქონელი და ტვირთები – ოფიციალურად არ იბეგრება, ანუ ბიუჯეტში თანხები არ შედის. სამაგიეროდ, ამით გარკვეული პირები მდიდრდებიან, ვისაც ასეთი რეჟიმი ძალიანაც აწყობს. რა თქმა უნდა ისინი საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების წინააღმდეგ გამოდიან. დღესაც კი, როდესაც მოქმედებს შეზღუდვები, საზღვარი დაკეტილია, საქართველოდან ჩვენთან მაინც ხვდება საქონელი – ამის გადამოწმება სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით სურსათზეა საუბარი. ამიტომ ამ სიტუაციას ბოლო უნდა მოვუღოთ, ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ და მოგებული დარჩება ხალხი, გადასახადი წავა ბიუჯეტში, ბიუჯეტი ხომ თითოეული ადამიანის გადასახადით ივსება და ეს ხალხის პორტმანია, რომელიც ისევ ხალხს მოხმარდება“ – განაცხადა შამბამ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ შამბამ განაცხადა, რომ სოხუმმა თბილისთან ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა უნდა დაიწყოს. ასეთივე მოსაზრებით სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანიაც გამოვიდა, თუმცა მას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს.