სენაკში ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო სენაკში სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

“ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა” – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი – KOMBAT-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

სასამართლომ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ptn.ge