ჩაქვის ტრაგედიის დეტალები

საშინელი  ტრაგედია დატრიალდა 25 დეკემბერს, დაბა ჩაქვში.მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის საათებში, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადაიჩეხა და 5 მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

 

 

 სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედრები მანქანიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს და იმდენად დასახიჩრებულები იყვნენ, რამდენიმე საათი დასჭირდა მათ ამოცნობას. 

“მანქანა, რომელსაც მართავდა მოზარდი, ხევში გადაიჩეხა. დაღუპულებიდან სამი – საბა დიასამიძე, გიორგი ფალავანდიშვილი და ნიკა ბეჟანიძე ჩვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მანქანის საჭესთან მათი თანატოლი გიორგი არძენაძე იჯდა. იგი ჩაქვში, სასულიერო სკოლაში სწავლობდა, კიდევ ერთი გარდაცვლილი, ლუკა ზაქარაძე ამ ბავშვების მეგობარი, ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ზაქარაძე მეცხრე კლასიდან იყო გასული. სამართალდამცავთა პირველადი ინფორმაციით, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

ავტომანქანა, რომელსაც მოზარდი მართავდა, როგორც ამბობენ, არძენაძის ბიძას ეკუთვნის. გიორგი იჯდა საჭესთან. დღისით ბავშვები ჩვეულებრივ გაკვეთილზე იყვნენ. ტრაგედია დაახლოებით 15 საათსა და 40 წუთზე დატრიალდა, მოაკითხეს მანქანით და ისინი ერთად წავიდნენ. ჩაქვის თავში არის საქეიფო ადგილები და ეტყობა იქითკენ მიდიოდნენ. სადაც ეს ავარია მოხდა, იქ ძალიან ვიწროა გზა, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა მძღოლმა და 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანა სახურავით დაეცა და ადგილზე დაიღუპა ხუთივე”, – გვითხრა ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ.

სკოლის დირექტორის მოადგილე, ნანა მოდებაძე ამბობს, რომ ბავშვებს ბოლოს ისტორიის გაკვეთილი ჰქონდათ და ესწრებოდნენ:

“სკოლაში ვიყავით ჯერ კიდევ საშინელი ამბავი რომ შეგვატყობინეს. ყველანი გაგიჟებულები ვრეკავდით ბავშვების ტელეფონებზე. ზოგის ტელეფონი გათიშული იყო, ზოგიერთთან ირეკებოდა და არავინ გვპასუხობდა. ერთადერთი ვისი ვინაობაც თავიდან ითქვა, ნიკა ბეჟანიძე იყო, მანქანიდან გადმოვარდნილა მისი ჩანთა და რვეულზე ეწერა ნიკას სახელი და გვარი. დანარჩენების იდენტიფიცირება გვიან მოხდა. სამი მოსწავლე გუშინ მერხზე რომ გეჯდა და დღეს კლასში შეხვალ და ისინი აღარ დაგხვდებიან, წარმოიდგინეთ სკოლაში რა დღეში ვიქნებით”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ნანა მოდებაძემ.

მომხდარის გამოძიება დაიწყო. ალბათ დაიკითხება მანქანის მძღოლი და გაირკვევა მან მისცა თუ არა მოზარდებს ავტომანქანა. შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

(პალიტრა)

წყარო : “ალია”