აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს

აქტიურად ვმუშაობთ საბოლოო გეგმაზე, რათა საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს – თურნავა.

პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიოს ხელახლა გავაცნოთ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის გვაქვს ყველა წინაპირობა, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ტოროპერატორები გაეცნენ პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება „კოვიდთან“ დაკავშირებული კრიზისის დაძლევის მიმართულებით, რადგან უკვე არსებობს მოცემულობა, როდესაც პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების გაუქმება.

“როგორც იცით, საქართველოში შემოსვლის წესები სხვაგვარად გადაიხედა და შემსუბუქდა, მათ შორის ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, ველოდებით ტურისტებს მთელი რიგი ქვეყნებიდან პისიარის ტესტით, რომლებიც მესამე დღეს კიდევ გაიტესტებიან. ამ და სხვადასხვა მიმართულებით ვაცნობთ ტურისტულ ინდუსტრიას ახალ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც ტურიზმის გაჯანსაღებას და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სექტორის ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

წყარო: ptn.ge