“ქურდების დაკვეთით, ციხის ადმინისტრაცია თავის მოკვლას მაიძულებს” – ქუთაისის ციხის პატიმარი

ქუთაისის ციხეში პატიმარი ამტკიცებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტების დაკვეთით ციხის ადმინისტრაცია მას თავის მოკლვლას აიძულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველი“ ავრცელებს.

მსჯავდებულ ლეთოდიანსა და ე.წ კანონიერ ქურდ „ხონსკის“ შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. ანგარიშსწორება კი კრიმინალურმა ავტორიტეტმა თანაქალაქელზე მისი დაკავების შემდეგ გადაწყვიტა და ციხეში ე.წ ქსივა გაუშვა, რომ იგი უნდა აწამონ.

„მეუბნებიან, რომ სანამ კისერს შენი ხელით არ გამოიჭრი, მანამ თავს არ დაგანებებთ, არ შეგეშვებითო. მაყურებინებენ ქურდულ კლიპებს კისერის გამოჭრებზე და მეუბნებიან სანამ ამას არ გააკეთებ მანამ არ მოგეშვებიო. ჯეირან კინწურაშვილის დავალებით ხდება, ხონელიახონელი ვარ მეც. რაღაცა ნიძლავი აქვსო დადებული. თვითონ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები მემუქრებიან. ადმინასრიციიდან პატიმრებს ბევრჯერ გაალახინეს ჩემი თავი, იყო სიტყვიერ ზეწოლა, კამერებთან მოსვლა ფურთხება და ასეთი რაღაცეები” – აცხადებს დავით ლეთოდიანი.

ამაზე სპეციალური პენიტენციური სამსახური შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

„2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ დ.ლ.-სთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს პატიმარზე დაწესებულებაში ხორციელდება ზეწოლა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და რომ თითქოს პატიმრების მხრიდან დ.ლ.-ზე განხორციელებული ზეწოლა დაწესებულების ადმინისტრაციისგან არის წახალისებული. ამასთან, სიუჟეტში პატიმრის დამ განაცხადა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მისცა იმ მიზნით, რომ ბრალდებულს ომბუდსმენის წარმომადგენლისთვის მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ბრალდებები არის სიცრუე, არანაირ ზეწოლას არც პატიმრების და არც მით უმეტეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ომბუდსმენის აპარატს, დაინტერესდეს მოცემული საქმით და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებასთან, ვინაიდან სწორედ პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ სიმართლე გაირკვეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დ.ლ. ერთ თანამესაკნესთან ერთად იმყოფება საკანში, სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და ვინაიდან N2 დაწესებულება არის დახურული ტიპის, ბრალდებულს თანამესაკნის გარდა სხვა პატიმრებთან შეხება არ აქვს. შესაბამისად, მასზე სხვა პატიმრების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არც ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმეზე მოახდინოს ზეწოლა, ვინაიდან პენიტენციურ სისტემას მართავს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა და არა კრიმინალური ავტორიტეტები.

სრული სიცრუეა ასევე ბრალდებულის დის განცხადება, თითქოს პატიმარს ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი N2 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა დღეს, 3 თებერვალს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იგი ბრალდებულს დაუბრკოლებლად შეხვდა და პირისპირ გაესაუბრა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებული ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ ომბუდსმენის აპარატი გამოთქვამს სურვილს, გაეცნოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებს (საკანში და ზოგადად დაწესებულებაში ბრალდებულის გადაადგილების ამსახველ ჩანაწერებს), პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც ყოველთვის თანამშრომლობდა ომუბდსმენის აპარატთან, ახლაც მისცეს მას მოცემული ვიდეოჩანაწერების გაცნობის საშუალება“, – ნათქვამია განცხადებაში.