შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. საქართველოში პანდემიის გამო ამოქმედებული რეგულაციების მოხსნა 15 თებერვლიდან კვების ობიექტებს შეხება, რომლებიც ღია სივრცეების ამოქმედებას შეძლებენ.
გადაწყვეტილება ყველა ტიპის რესტორნისთვის მისაღები არ არის, შეგახსენებთ შაბათიდან რესტორატორებს დაუმორჩილებლობის აქცია ჰქონდათ დაანონსებული, რაც საკვები ობიექტების თვითნებურად გახსნას გულისხმობს.
შეიცვალა, თუ არა მათი გეგმები მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს გახდება ცნობილი.
“ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ შესძენს სიტუაციას იმ რეალობას, რომ ყველა რესტორნისთვის მისაღები იყოს. ამ შემთხვევაში მისაღები იქნება მხოლოდ და მხოლოდ სრულად გათავისუფლება რეგულაციებისგან. ეს რეალობაში ვერ მოხდება, აქედან გამომდინარე ზარალდება ესა თუ ის რესტორანი, რიგი რესტორნებისა, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ გარე სივრცეები. დაზარალდებიან ის რესტორნებიც, რომელთაც გააჩნიათ, რადგან ეს არაა შესაძლებლობა, მით უმეტეს თებერვალში, რომ მოიზიდოს სტუმარი,” – აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ტროტუარები იქნება დათმობილი იმ რესტორნებისთვის, ვისაც საკუთარი ღია სივრცე არ გააჩნია:
“მესმის, რომ ღია ტიპის სივრცეები, ეს არ არის რესტორნების სრულყოფილი ამოქმედება, მაგრამ არის წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ სანამ არ დავრწმუნდით, რომ ეპიდვითარება ნორმალიზდება ამის უფლებაც კი ვერ მივეცით საკუთარ თავს. ტროტუარები იქნება დათმობილი იმ რესტორნებისთვის, ვისაც საკუთარი ღია სივრცე არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ დაიწყონ ოპერირება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
“რუსთავი2”