“სკოლაში მალე კალამი და რვეული აღარ იქნება საჭირო” – დავით აბულაძე

საახალწლო პაუზის ჟამს ერთი კარგი ქართველი კაცის და მეცნიერის, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის,  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის არასაახალწლო წერილს და აზრს გადავეყარე.

ბატონი მერაბი თითქმის ერთი წლის წინ წერდა: ,,საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის საჯარო სკოლამ შეცვალა, რომელიც იგივე ამერიკული “ფაბლიკ სკულია”. ეს სკოლა ამერიკაში გონებასუსტი ბავშვებითვის არის შექმნილი, სათანადო სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასეთი სკოლების მიზანია ბავშვებისათვის წერა-კითხვისა და ელემენტარული უნარ-ჩვევების სწავლება“ – აღნიშნავს თავის სტატიაში ბატონი მერაბი.

„აგვშენებია“ მომავალი და ეგ არის.  ამ ახალი პროგრამების წყალობით მალე ალბათ აღარც კალამი და რვეული იქნება საჭირო სკოლებში, აღარც გამრავლების ტაბულა და, საერთოდ, აღარც სკოლაში სიარული.  თურმე ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ფიზიკა-მათემატიკა  ნახატებით უნდა ვისწავლოთ. განათლებული ხალხი საქართველოს არ სჭირდება.  ხოლო თუ ვინმე განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება მაშინვე  „იქ’“ მიიწვევენ სასწავლებლად და გვართმევენ სამუდამოდ მამელუქებივით.

შარშან ჩემმა გოგონამ ფეხი მოიტეხა და ერთი თვე სკოლაში არ უვლია. ვფიქრობდი  ალბათ ჩამორჩენას ვეღარ დაძლევს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ… პირიქით, წარმატებულ მოსწავლედ აღიარეს.  აღმოჩნდა, რომ თბილისის ვითომ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჯარო სკოლაში დავალებებსაც არ უმოწმებენ ნორმალურად ბავშვებს.  ზოგადად გადავამოწმე  და…. სწავლების დონე – 0.  მე კი ვუშველე და ბავშვი “ნორმალურ” სკოლაში დავაბრუნე, მაგრამ  დანარჩენები…

მოკლედ, ახლებურად, თურმე, ბავშვები დამოუკიდებლად  უნდა განვითარდნენ და სკოლაც “რაღაცაში” დაეხმარებათ. ერთ-ერთი პრესტიჟული საავადმყოფო მახსენდება, სადაც ბავშვს მედიკამენტს არ აძლევდნენ. ახალი მიდგომებით ვმკურნალობთ და ინფექციას თავად უნდა მოერიოსო.  40-გრადუსიანი სიცხით, ბავშვი კინაღამ ილიჩის ნათურასავით გადაიწვა და  სანამ მთავარი ექიმი არ „აიძულეს“, მანამდე „ძველ და დრომოჭმულ“ მკურნალობის მეთოდები ვერ  გაიხსენა.

ჩვენ ვიცით და გვასწავლიდნენ, რომ ძველი და ნაცადი ძალიან ხშირად კლასიკურთან არის ახლოს და პირიქით – ახალი  ყოველთვის სულაც არ ნიშნავს საუკეთესოს. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა ლაბორატორიას დაემსგავსა და მოსახლეობა – პავლოვის საცდელ  ინდივიდებს.   ვერ ვიტყვით, რომ ამას განვითარებული ქვეყნები შეგნებულად გვიკეთებენ, რადგან მათაც იგივე პრობლემები აქვთ გარკვეული ბოროტი ძალებისაგან. მაგრამ იქ საზოგადოება მეტნაკლებად შემდგარია და შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგება ამ დამანგრეველ პროცესებს.

აი ჩვენი გრანტიჭამია  პარტიები, პოლიტიკოსები, კმარა-თემურელები და გაუნათლებელი მოსახლეობის დიდი ნაწილი სიამოვნებით „ბოლდება“ და  მათ დავალებებს ასრულებს. ესენი თანამედროვე ფაშისტი „პოლიცაები“  არიან. უბრალოდ,  „ფიურერის“ მაგივრად სხვა, არანაკლებ და უფრო აღმატებულ ბოროტ ძალებს ემსახურებიან.  მალე ალბათ სკოლებში „კლასგარეშე მარიხუანით“ სწავლება დაინერგება და სახელმძღვანელოებს კოლუმბიიდან ჩამოიტანენ. განვითარებადმა ქვეყნებმა გამოცდილება ხომ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს.

ევროკავშირის მსგავსი, კი ბატონო თავის დროზე ძალისმიერი მეთოდებით შექმნილი გაერთიანება,  ხელოვნურად შექმნილმა და მართულმა ეკონომიკამ  დაღუპა. იმან, რომ გაერთიანების ეკონომიკას მართავდა არა პროფესიონალების ჯგუფი, არამედ პოლიტიკური პარტია, რომელმაც კერძო საკუთრებისა და კონკურენციის კანონების ჩანაცვლება სოციალისტური შეჯიბრებებითა და გარდამავალი დროშებით  სცადეს.  გაერთიანების ეკონომიკამ განიცადა კრახი მიუხედავად იმისა, რომ  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სიტემა და მოწინავე მეცნიერული პოტენციალი  გააჩნდა.

რა თქმა უნდა  იყო იდეოლოგია, მომაბეზრებელი და ზედმეტიც კი, მაგრამ  სამაგიეროდ კონკრეტული საგნები და მეცნიერებები?  არ დაგვავიწყდეს, რომ  21-ე საუკუნის რევოლუციური გარღვევები მოწინავე ტექნოლოგიებში,  90-იანი  წლების დასაწყისში, საბჭოეთიდან „გადაქაჩულმა“  მეცნიერებმა მოახდინეს.  წლების  მერე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში გავდიოდი სტაჟირებას. იქაურ უმაღლეს საფეხურზე, მასწავლიდნენ იმავეს, რასაც თბილისის უნივერსიტეტის მეორე კურსზე და ამ საგანს უბრალოდ „ეკონომიკური გეოგრაფია“ ეწოდებოდა.

გულდასაწყვეტია,  რომ ქვეყნის განათლების სისტემა ფაქტობრივად განადგურებულია და გარედან გვკარნახობენ,  რა და როგორ ვასწავლოთ მომავალ ქართველებს. მაშინ როდესაც  ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში  ჩამოდიოდნენ უცხოელები  იყალთოსა და გელათის აკადემიებში  განათლების მისაღებად. საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე და კლასიკური განათლების მქონე ქვეყანა.  რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება მაგრამ, ჩვენი დროის საშუალო სკოლის პედაგოგები, ერთი თავით მაღლა იდგნენ თანამედროვე უნივერსიტეტების ახალი თაობის ბევრ პროფესორზე.

გულდასაწყვეტია, როდესაც ამდენ მოტყუებულ ახალგაზრდას უყურებ, რომლებმაც დიპლომები კი მიიღეს, მაგრამ შესაბამისი განათლება – ვერა. თაობები იცვლებიან, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მართვის სადავეები გადადის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებსაც საჭირო განათლება არ გააჩნიათ. და, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ქვეყანა არ უყვართ, რადგან ქართულად აღზრდა განდევნილია სკოლიდან.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა და სტრატეგიული აქტივების მოძრაობა იმართება არა პროფესიონალების, არამედ ფალსიფიკატორების და კორუმპირებული პირების მიერ. შეხედეთ, რა კატასტროფული მდგომარეობაა  თითზე ჩამოსათვლელ სტრატეგიულ  დარგებში. ფალსიფიკაცია, დაბალი დონის სერვისი და უკონტროლობა სერიოზულად აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ვინაიდან ქვეყანას აღარ ჰყავს პროფესიონალი კადრები.

არ შეიძლება, 21 საუკუნეში ქვეყანას თავს მოახვიო, როგორ გაზარდოს მომავალი თაობა, როდესაც არ იცნობ ერის ტრადიციებს და მენტალიტეტს. არ შეიძლება, მომავალი თაობის თვალში დამნაშავე პოლიტიკური ძალა წარმოაჩინო დემოკრეტიის მაგალითად. არ შეიძლება, მომავალ თაობას შეუგინო წარსული, წინაპრები, მშობლები, მეზობლები და ერთმორწმუნე ერები. საქართველო და ქართველი გადარჩა იმიტომ, რომ მომავალ თაობებს სათანადოდ ზრდიდნენ. გარედან თავსმოხვეულს და ნაკარნახევს ქართველობა დიდი ხნით ვერ შეეგუება და არ მიიღებს.

 

დავით აბულაძე