რა მოხდება ამერიკელების მიერ ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ?

ერაყში ამერიკელების მიერ ჩადენილ მორიგ განგსტერულ მკვლელობას უზარმაზარი გამოხმაურება აქვს მსოფლიოში. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რუსეთის აწ განსვენებული საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი მ. პრიმაკოვის შვილიშვილის, ასევე დიპლომატის, საერთაშორისო მიმომხილველისა და დეპუტატის – ევგენი ა. პრიმაკოვის კომენტარს:

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობა ბაღდადის აეროპორტში მკვეთრად გააუარესებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც.

ყასემ სულეიმანი არ იყო ვიღაც “საველე მეთაური” ან “ტერორისტი” – იგი გახლდათ ოფიციალური პირი, გენერალი, ალ კუდსის (ისლამური რესპუბლიკის მცველთა კორპუსის) სარდალი. მასზე იყო დამოკიდებული ვითარება ერაყში, ლიბანსა და სირიაში. ეს ადამიანი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ისრაელისა და ამერიკისთვის, იგი ძალზე ჭკვიანი, პრინციპული და შორსმჭვრეტელი იყო. მე იმასაც ვვარაუდობ, რომ მის გარეშე ბევრი ამერიკული ანტიტერორისტული ოპერაცია ერაყში შეუძლებელი იქნებოდა.

ირანი პასუხს აუცილებლად გასცემს – როგორ? სად? ბაღდადში აშშ-ის საელჩო გარშემორტყმულია და უკვე ცნობილი გახდა, რომ ერაყის სპეცსამსახურები დაბეჯითებით ურჩევდნენ ამერიკელებს, რაც შეიძლება მალე მოეხდინათ ევაკუაცია – ეს ჯერ კიდევ ყასემ სულეიმანის მკვლელობამდე.

რამდენად დაეხმარება ტრამპს წინასაარჩევნოდ თეირანის ძალისმიერი პასუხი? რამდენად შეუშლის ხელს? მოხდება თუ არა შემდგომი ესკალაცია? – აშშ აქამდე დაბეჯითებით და შეურაცხადად ახდენდა ირანზე ზეწოლას და ანგრევდა “ბირთვულ შეთანხმებას”, რომელიც ყოვლის მომცველ გეგმას წარმოადგენს, ვაშინგტონში კი გავლენა აქვთ მათ, ვინც გათვლას “ახალ გამარჯვების მომტან ომზე” აკეთებს.

გახდება თუ არა ბაღდადისკენ გამოსროლილი რაკეტა ახლო აღმოსავლეთის “სარაევოს გასროლა”? 

ძალზე ბევრი რისკია” – მიიჩნევს პრიმაკოვი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანს ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადა.