ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი ეხმაურება ერაყში ირანელი გენერლის, ყასიმ სოლეიმანის მკვლელობას ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ და თავის ფეისბუკ-გვერდზე წერს:
“ახლო აღმოსავლეთი, სოლეიმანის მკვლელობის შედეგები. იგი ირანის ეროვნული გმირი იყო, ამ ქვეყნის სულიერი ლიდერის უახლოესი თანამებრძოლი. ირანში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა, ქუჩებში მილიონობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას დემონსტრაციებში.
მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება ერთმანეთში, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიდ ომს ადგილი ახლა არ ექნება. ირანელები საპასუხო დარტყმას არ განახორციელებენ, რადგან ამერიკა მაინც ბევრად უფრო ძლიერია. ირანი, როგორც მიიჩნევა, ფლობს ათასობით მებრძოლებისგან შემდგარ ღრმად კოსნპირირებულ ქსელს. ეს მებრძოლები მზად არიან, განახორციელონ ასობით ტერორისტული დარტყმა აშშ-ის წინააღმდეგ. მაგრამ ირანელები ამ ქსელს სარეზერვოდ შეინახავენ, რათა ამერიკას შიში ჰქონდეს ირანის ტერიტორიაზე დიდი ომის გაჩაღების მიმართ.
რა მოხდება? სავარაუდოა მცირე ტერორისტული ომი ამერიკელების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის მთელ ტერიტორიაზე, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც. ამერიკელებს ერაყში მედგრად შეუტევენ, სადაც შიიტები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. აშშ, ვფიქრობ, იძულებული გახდება, ერაყი დატოვოს. სოლეიმანისთან ერთად ამერიკულმა რაკეტებმა ხომ ერაყელი გენერლებიც გაანადგურეს, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ეს რაკეტები ერაყში განლაგებული ამერიკული ბაზიდან იქნა გასროლილი. ეს ფაქტი ერაყში თავხედობად და უპატივცემულობად იქნა აღქმული.
ირანი შეეცდება არა პირდაპირ ამერიკაზე, არამედ თავის რეგიონულ მტრებზე იძიოს შური – მათზე, ვინც უფრო ადვილად ხელმისაწვდომია მისთვის – ისრაელსა და საუდის არაბეთზე. ვშიშობ, რომ საუდელებს ყველაზე მეტად მოხვდებათ ირანის პასუხი. ისინი ხომ სუნიტი არაბები არიან, ირანის შიიტი სპარსელების მთავარი მტრები.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ვადით მოიგებს. ტრამპი “მაგარია”. ამერიკელებს უყვართ თავიანთი “მაგარი ბიჭები”, რომლებიც ხოცავენ “ცუდ ბიჭებს”. ვცხოვრობთ, როგორც კინოში” – წერს რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი.