პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავენ, მაგრამ საქმით რას აკეთებენ?!

პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, თვით ბიძინა ივანიშვილი – პირადად ულოცავენ პატრიარქ ილია მეორეს 87-ე იუბილეს.

ყველა ხოტბას ასხამს მის უწმინდესობას, სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ილია მეორეს მრევლი და ეკლესია უჭერს მხარს. მაგრამ რას აკეთებენ პატრიარქისთვის ხოტბის შემსხმელი პოლიტიკოსები იმისათვის, რომ მის შეგონებათაგან თუნდაც რომელიმე, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც სკოლებში რელიგიური აღზრდა ჰქვია, განახორციელონ?

პირიქით, არასრულწლოვნებში, სკოლის მოსწავლეებში მიდის თავაშვებული პროპაგანდა გარყვნილებისა, უვიცობისა, ზიზღისა და სიძულვილისა, ამ ყველაფერს კი ბოლო დროს სუიციდის პროპაგანდაც დაემატა.

ვერაფერს გახდება სახელმწიფო და საზოგადოება, მომავალი არ გვექნება, თუკი არ მივხედავთ განათლების სფეროს და არ ვაღიარებთ სკოლებში ბავშვების სწორი, ქრისტიანული აღზრდის აუცილებლობას. ბოლოსდაბოლოს გაიგეთ, რომ პატრიარქი არ არის უბრალოდ “ჭკვიანი მოხუცი კაცი”, ან თუნდაც ცხოვრებისგან “დაბრძენებული”. უფლება გაქვთ, პატრიარქი არ მოგწონდეთ პიროვნულად, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად, მას აქვს უდიდესი სულიერი გამოცდილება და მასზე გადმოდის საღვთო მადლი. იგი ამ გამოცდილებიდან და მადლიდან გამომდინარე გვასწავლის. ამას გაგვიგებთ, თუ ოდნავ მაინც არის ღვთის რწმენა თქვენში.

მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დაფიქრდნენ ამ უმთავრეს საკითხზე და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”