კომენდანტის საათი მხოლოდ ერთი ინდიკატორით ვერ მოიხსნება, ჩემი რეკომენდაცია არის შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება. დღეს გაიხსნა ტრანსპორტი და რადგან ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, გადმოიტანეს ბაზრობების გახსნის თარიღი. შემდეგ დაანონსდა სკოლების გახსნა, რაც მობილობის სერიოზული სტიმულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, კომენდანტის საათის მოხსნაზე გადაწყვეტილების მიღება, რამდენიმე ინდიკატორის შეჯერებითაა შესაძლებელი.
„ეს არ იქნება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევების შემცირება ან დადებითობის მაჩვენებლის კლება. აქ არის რამოდენიმე ინდიკატორი ერთად. კერძოდ, როგორია საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რამდენი ადამიანია რეანიმაციაში და რამდენი ხელოვნურ სუნთქვაზე. კიდევ მრავალი ინდიკატორით ხდება შეჯამება და იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.