თუ გახსნა არ იქნება რეალური და დარჩება მოჩვენებითი, როგორიც დღეს გვაქვს, შიმშილს ჩავხედავთ თვალებში – ანა ნაცვლიშვილი
“ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი, მათ შორის, გამოხატოს პროტესტი ამ რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც გაცდენილია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოს” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა რეალურად არ გახსნილა და რეგულაციების შემსუბუქება მოჩვენებითია.
„ვფიქრობ, ის წესები, რომელიც დადგენილია უნდა იქნეს შესრულებული, იქნება ეს პირბადე თუ მაქსიმალური მცდელობა, ადამიანებს შორის იყოს დაცული დისტანცია. დანარჩენი თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არ არის შეკრების და გამოხატვის, ასევე მანიფესტაციის უფლება შეზღუდული, ანუ თვითონ კანონი არ აწესებს და არც სახელმწიფო უწესებს მოქალაქეებს შეზღუდვას. ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ შეკრება ეპიდაფეთქებას გამოიწვევს, არასერიოზულია. მაშინ ხელისუფლებამ ეს უნდა დაასაბუთოს. არა ისე, როგორც ამას აკეთებს დახურულ კარს მიღმა, კაციშვილმა რომ არ იცის, რომელ კანონს ეყრდნობიან, არამედ დაასაბუთოს, რატომ არ შეიძლება ახლა შეკრება, დაასაბუთოს ის კანონით და შეცვალოს კანონი. ასეთ ვითარებაში, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი, მათ შორის, გამოხატოს პროტესტი ამ რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც გაცდენილია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოს. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თუ ქვეყანა არ გაიხსნება და ეს გახსნა არ იქნება რეალური, დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება და ვერ შეძლებს ის გადააბრალოს ერთი კონკრეტული დარგის სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში ექიმებს; პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა ტიპის ბაზრობა და მაღაზიები გაიხსნა და ასევე ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
წყარო: report.ge