ევროკავშირმა „სპუტნიკ V“-ს რეგისტრაციაზე განაცხადი მიიღო

მანამდე ევროპის წამლების სააგენტო აცხადებდა, რომ რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი მიღებული არ ჰქონდათ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს დარეგისტრირებაზე განაცხადი წარუდგინა ბრიუსელს, რომელმაც უკვე მიიღო იგი, იუწყება РИА Новости ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) 19 იანვარს „სპუტნიკ V“-ს შემქმნელებთან სამეცნიერო კონსულტაცია ჩაატარა, რის შემდეგაც ევროკავშირში ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენა გახდა შესაძლებელი. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განაცხადი ათი დღის შემდეგ, 29 იანვარს წარადგინა.

„ფონდს ხელთ აქვს ЕМА-ს ოფიციალური დასტური იმის შესახებ, რომ განაცხადი მიღებულია. მისი დადასტურების ვადებს თავად EMA განსაზღვრავს“, — განმარტეს პირდაპირი ინვესტიციების ფონდში.

თუმცა ЕМА-მ დღეს, დილით РИА Новости-ს განუცხადა, რომ რეგისტრაციაზე მოთხოვნა მიღებული არ ჰქონდათ.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია მოიწონებს ვაქცინას და პირობით სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს, რუსული ვაქცინა ცენტრალიზებულად მიეწოდება ევროკავშირს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინების ცენტრალიზებული შესყიდვების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ ვაქცინების პირველ დამტკიცებამდე მიიღო — კონტრაქტები ექვს მწარმოებელთან გაფორმდა.

ამ დროისათვის ევროკავშირის ბაზარზე ავტორიზებულია Pfizer/BioNTech-ის (მიწოდება 600 მლნ დოზა), Moderna-ს (160 მლნ დოზა) და AstraZeneca-ს (400 მლნ დოზამდე) პრეპარატები. გარდა ამისა ევროკავშირმა კონტრაქტები გააფორმა Johnson&Johnson-თან, Sanofi-GSK-სა და CureVac-თან. ამ უკანასკნელებს განაცხადები ჯერჯერობით არ წარუდგენიათ, უახლოეს მომავალში ამის გაკეთება J&J-ს შეუძლია.

ამგვარად ევროკავშირის ქვეყნები, ევროკომისიის კონტრაქტების წყალობით, შეძლებენ მიიღონ 2,3 მლრდ დოზაზე მეტი ანტიკორონავირუსული ვაქცინა. ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ევროპაში მოსახლეობის დაახლოებით 70% იქნება აცრილი კორონავირუსზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-სგან პრეპარატების მიწოდების პრობლემებს შეეჯახა, რამაც შეიძლება ჩაშალოს ბრიუსელის ამბიციური გეგმები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.