უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს – ოფიციალური განცხადება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი, როგორც უკრაინელი მოხელის მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა ჩაითვალოს სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად.
„ასეთი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ჩარევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში. უკრაინის სახელმწიფო არასდროს მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ჩარევას საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყება დაუსაბუთებელს უწოდებს ბრალდებებს საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მექრთამედ მოიხსენია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოში დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმე საელჩოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უკრაინელი დიპლომატის დადანაშაულება უმოქმედობაში სრულიად უსაფუძვლოა.
„ჩვენ ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ეს საქმე სწრაფად და მიუკერძოებლად, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ უკრაინის მოქალაქეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.
წყარო: ptn.ge