საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ – ამერიკის ხმა

ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრეს – სტატიას ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.

„დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

„ქართული ოცნება“, რომელიც უმრავლესობას ფლობს უარს ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 51 ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და უკვე მეოთხე თვეა ბოიკოტს უცხადებენ მეათე მოწვევის პარლამენტს.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებს, რომ მუშაობის იძულება, ამ შემთხვევაში პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

„მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა.

წინაისტორია

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება“ ხმათა 48.22% მიიღო და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილიდან 90 მოიპოვა. ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი მანდატი – 36 ახალ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რომლესაც ხმა ამომრჩეველთა 27.18%-მა მისცა. მას „ევროპული საქართველო“ მოჰყვება 5 მანდატით (3.79%) – პარტია, რომელიც სააკაშვილის თანამებრძოლებმა „ენმ-ში“ განხეთქილების შემდეგ შექმნეს. პარლამენტში შესულმა კიდევ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიდან ოთხ მანდატამდე მიიღო, მათ შორის პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ (4 მანდატი).

პარლამენტში ადგილებზე უარი ორი პარტიიდან ექვსმა დეპუტატმა არ თქვა: „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. სავარაუდოდ, მათ კიდევ 4 ოპოზიციონერი შეუერთდება პარტიიდან „გირჩი“. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის ნახვა სურთ.

დანარჩენი ოპოზიციონერები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის გარდა მზად არიან კომპრომისზე მთელ რიგ სხვა საკითხებში წავიდნენ, მათ შორის: დაწიონ საარჩევნო ბარიერი, შეცვალონ ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობის შერჩევის წესი და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგონ.

საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ და აცხადებენ, რომ შესაძლო დარღვევების გამოძიება ოპოზიციამ არა ბოიკოტის, არამედ სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოს. ეს მოსაზრება დიპლომატებმა ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ დააფიქსირეს.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარი თქვეს ოპოზიციონერი კოლეგების მანდატების შეწყვეტაზე, აშშ-ის საელჩოში ამ გადაწყვეტილებას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ახლა პარტიებს უფრო მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ „კონსენსუსს მიაღწიონ, თუკი ეს შესაძლებელი იქნება… და მოკლე დროში მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესს გააძლიერებს და პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს დააყენებს“.

ამასთანავე, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, კერძოდ, NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 76%-მა თქვა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში ხილვა სურთ.

ექსპერტების აზრი

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „გაწელოს დრო“, რათა პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის ნაწილი მაინც დაითანხმოს. ექსპერტის აზრით, მმართველ ძალას ეს საკუთარი მოსახლეობისა და უცხოელი პარტნიორების თვალში უფრო მეტი ლეგიტიმურობის მისაღწევად სჭირდება.

„ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, პარლამენტში 6 ან 10 ოპოზიციონერი დეპუტატის ყოფნა ძალიან არასერიოზულია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა პარლამენტში მუშაობაზე პატარა პარტიები მაინც დაითანხმოს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის პროფესორის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმისას, საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი მიზანი ამოძრავებს: დაიყოლიოს პატარა პარტიები პარლამენტში შესვლაზე და ამგვარად, იზოლაციაში მოაქციოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია – მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკვე დაითანხმა 3 პატარა პარტია პარლამენტში შესვლაზე. დიდია ალბათობაა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მათ სხვა პატარა პარტიებიც შეუერთდებიან. ამ პროცესის საბოლოო მიზანი სააკაშვილის პარტიის და „ევროპული საქართველოს“ იზოლაციაა. ამ უკანასკნელს ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში განიხილავს. პარლამენტს მიღმა დარჩენილი ეს პარტიები, დიდი ალბათობით, ძველ გავლენასა და ელექტორატის ნაწილს დაკარგავენ. ზუსტად ეს აწყობს მმართველ ძალას“ – აცხადებს შარაშენიძე“ – ნათქვამია სტატიაში.

წყარო: ptn.ge