“ვიცით, ბიძინა ივანიშვილი რა დოზით წავიდა პოლიტიკიდან? ან წავიდა კი საერთოდ?” – გია ხუხაშვილი

ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი.

– „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე ბევრს ლაპარაკობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ მხარეს კალაძე–გახარიას დაჯგუფებაა, მეორე მხარეს, კობახიძე–თალაკვაძისა და მათ შორის მიდის ომი. ამბობენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჯო  ბაიდენი და  დემოკრატიული პარტია ფსონს კობახიძე–თალაკვაძის გუნდზე გააკეთებს და დაეხმარებიან, რომ კალაძე–გახარიას გუნდმა დაკარგოს ძალაუფლება და  ეტაპობრივად, მათთვის მისაღებმა, უფრო ლიბერალურმა ფრთამ ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება კობახიძის  მეთაურობით.

– არა, არა მგონია… ჯერ კალაძე და გახარია რომ ერთი გუნდია, ეგეც მოგონილი თემა მგონია. კობახიძე–თალაკვაძის გუნდზე რომ დადებს ფსონს ამერიკა, არც ეს მგონია სიმართლე. ამერიკელები ზომავენ ავტორიტეტით და კობახიძე რა ავტორიტეტია ან აქ ან, მათთვის? ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილი რა დოზით წავიდა პოლიტიკიდან. ან წავიდა კი საერთოდ? ესეც არ ვიცით. კი, გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა, მაგრამ ჯერ ვითარება ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ არ ვიცით, როგორია რეალური ძალთა გადანაწილება ხელისუფლებაში.

– ნიკა მელია სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და პროკურატურა ისევ დაჭერით ემუქრება.

– ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია. ნიკა მელიასთვის ჯერ არ მოუხსნიათ სადეპუტატო უფლებამოსილება, მელია დეპუტატია და შესაბამისად, სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობს. დეპუტატის დასაპატიმრებლად, საჭიროა მას მოუხსნა უფლებამოსილება და ავტომატურად შეუწყდება იმუნიტეტი. მოკლედ, თუ მელიას დაჭერა მართლა უნდათ, მაშინ მას უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ, რაც ერთხელ უკვე გააკეთეს. კომიკურ ვითარებაშია „ქართული ოცნება“. ერთხელ გაიმასხარავეს თავი და ვნახოთ, მეორედაც თუ გააკეთებენ ამას.

ლევან ჯავახიშვილი, ალია