“რესპუბლიკელები” პარლამენტში “ცოტა ხნით” შედიან – “მივლენ და წამოვლენ…”

ოპოზიცია კიდევ ერთი პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზე. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტში არ შესვლით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, მორიგი კრიზისის პირისპირ დააყენა:

ხათუნა სამნიძე აანონსებს, რომ არ არის გამორიცხული ორი დეპუტატი, რომლებმაც მანდატი ნაციონალური მოძრაობის სიით მიიღეს, სხდომათა დარბაზში ვიხილოთ, კერძოდ, მისი თქმით, სამნიძე და კორძაია საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვებიან იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს.

ეს იქნება ერთჯერადი პოლიტიკური აქტი, რომელიც ქვეყანას საუკეთესო საარჩევნო სისტემას მოუტანს – ამბობენ რესპუბლიკელები, მაგრამ ამ შეფასებას რადიკალურად არ ეთანხმებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მან როგორც დეპუტატმა, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტში არ შედის, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შეავსო, რადგან, როგორც ამბობს, დეკლარაციას ავსებს მთელი ოპოზიცია.

“ქართულმა ოცნებამ კანონდარღვევით არ გააუქმა მანდატები, ჩვენ ვართ დღეს დეპუტატები, ჩვენ შევავსეთ დეკლარაციები, ანუ მათი გადაწყვეტილებით უკანონო გადაწყვეტილებით, დღესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მანდატი გამოვიყენოთ, არ ვიყენებთ ამ მანდატს, არ შევდივართ პარლამენტში, არ ვიღებთ ხელფასს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში… დეკლარაციას ავსებს მთელი ოპოზიცია, კითხეთ, მე შევსებული მაქვს დეკლარაცია ეს არის კანონის მოთხოვნა და მე ვალდებული ვარ…”

დავით ბერძენიშვილი კი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რესპუბლიკელების ინიციატივა – მომავლის კენჭისყრა
უბარიერო სრული პროპორციული დაარეგისტრიროს ხელისუფლებამ.  რესპუბლიკელი დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ხმის მისაცემად მხოლოდ ამ, მომავლის კენჭისყრაზე  მივლენ და ოპოზიციური კოლეგების მხარდაჭერის იმედიც აქვთ.
არც მანამდე იმუშავებენ ამ გაყალბებულ პარლამენტში და არც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მერე.
რეალისტური გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან – გათვლა მომავალზე”