კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“ 23 ქვეყანაში, მათ შორის, უნგრეთსა და სერბეთში მოიწონეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ამ ეტაპზე ევროკავშირის მცხოვრებთა ვაქცინაციის სტრატეგიის ნაწილს არ წარმოადგენს, მაგრამ გაერთიანების წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მისი შეძენა რეგულატორის მიერ მისი მოწონების შემდეგ, იუწყება РИА Новости.
„სპუტნიკ V“ ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის ნაწილს არ წარმოადგენს, ამიტომ სახელმწიფოებს მის მწარმოებელთან მოლაპარაკების შესაძლებლობა აქვთ. გახდება თუ არა „სპუტნიკ V“ ვაქცინაციის სტრატეგიის ნაწილი, ამის განხილვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროკომისიას ყოველთვის შეუძლიათ“, – აღნიშნა ბრიფინგზე ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მეტიც, ევროკავშირში ცენტრალიზებული შესყიდვისას ვაქცინის არჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე საწარმოო სიმძლავრეების არსებობა, რამაც მოქალაქეებს უნდა გაუმარტივოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა და შეამციროს მოწოდების სირთულეები, დააზუსტა მან.
ამჟამად ევროკავშირის ბაზარზე დაშვებულია Pfizer/BioN-ის (600 მილიონი დოზა), Moderna-ს (160 მილიონი დოზა) და AstraZeneca-ს (400 მილიონი დოზა) კომპანიების ვაქცინები. ევროკომისიამ ვაქცინების შემოტანაზე კონტრაქტები გააფორმა ასევე კომპანიებთან Johnson&Johnson, Sanofi-GSK, CureVac.
თუმცა მწარმოებლებს თავიანთი პრეპარატების ევროკავშირის ბაზარზე ავტორიზაციისთვის განაცხადები ჯერ არ გაუკეთებიათ. მომავალში მოსალოდნელია განაცხადის გამოგზავნა J&J-სგან.
ევროკავშირის სახელმწიფოები ევროკომისიის კონტრაქტების დახმარებით შეძლებენ კორონავირუსის ვაქცინის 2,3 მილიარდი დოზის მიღებას. ზაფხულის ბოლოსთვის ევროპაში მოქალაქეთა 70%-ის აცრას ვარაუდობენ.
ვაქცინა „სპუტნიკ V“ 23 ქვეყანაში დაუშვეს. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, არგენტინა, ბოლივია, სერბეთი, ალჟირი, პალესტინა, ვენესუელა, პარაგვაი, თურქმენეთი, უნგრეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, გვინეის რესპუბლიკა, ტუნისი, სომხეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთის რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცოგოვინას ენტიტეტი), ლიბანი, მიანმარი, პაკისტანი და მონღოლეთი.