„ევროპული საქართველო” შესაძლოა მისივე დამფუძნებელმა დატოვოს – დავით ბაქრაძემ დღეს მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების შესახებ სამ დღეში გახდება ცნობილი. უფრო მეტს ამბობენ, “ნიუპოსტის” წყაროები.
ჩვენთვის მოწოდებული, არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უკრაინაში გაემგზავრა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ერთ-ერთი ვერსიით, ბოლო პერიოდში უგულავამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ხედვები კიდევ უფრო დააახლოვა და მომავალ არჩევნებზე ერთ ბლოკად (საერთო სიით) გასვლაზე ალაპარაკდა, რასაც როგორც ჩანს, დავით ბაქრაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება და წასვლით იმუქრება. ევროპულ საქართველოში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ რომ პარტია დიდი განახლებისთვის ემზადება, რასაც არჩევნებზე მიღებული შედეგით ხსნიან. ამ ეტაპზე ბუნდოვანია მთავრი შეკითხვა – გაჰყვებიან თუ არა ბაქრაძეს თანაგუნდელები და რა პოზიცია აქვს გიგა ბოკერიას, რომელიც ტელეკამერებთან დღეს არც გამოჩენილა. სააკაშვილთან აუდიენციის დეტალებზე არც უგულავა საუბრიბს.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ევროპული საქართველოს რიგებს რამდენიმე პოლიტიკოსი დატოვებს, ოთო კახიძე და ირაკლი აბესიძე პარტიაში ფორმალურად არიან და ისინი სხვადასხვა კერძო სამსახურებში დასაქმდნენ. ირმა ნადირაშვილი კი შესაძლოა ისევ მედიას დაუბრუნდეს. კერძოდ არაოფიცაილური ინფორმაციით, ის “ტვ. ფორმულაზე”, საინფორმაციოს სამსახურის უფროსად შეიძლება ვიხილოთ. ამბობენ, მისთვის ტელევიზიაში კაბინეტი უკვე მზადაა. ჩვენი კიდევ ერთი წყარო არ გამორიცხავს, რომ ბაქრაძემ საბოლოო ჯამში შეძლოს ხმათა უმრავლესობის მობილიზება და პარტიაში დარჩეს. მისი ვარაუდით, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა ენმ-სთან ალიანსს და მათ რიგებში კიდევ ერთხელ დაბრუნებას შეეცდება.
“რეზონანსი”