პუტინი სირიაში თავისი ვიზიტის გამო ტრამპის ინფორმირებას არ აპირებს

საშობაოდ სირიაში ჩასული ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოებას რუსული სამხედრო თვითმფრინავების, “სუხოის” მთელი ესკადრა უზრუნველჰყოფდა. რუსეთის პრეზიდენტი სირიაში აშშ-ირანის საომართან ახლოს მყოფი ვითარების ფონზე ჩავიდა.

როგორც ცნობილია, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თავისი გადამრჩენელი გულღიად მიიღო. სირიის პრეზიდენტი პუტინს რუსულად ესაუბრა. მართლმადიდებლურ შობა დღეს მართლმადიდებელი რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი სიმბოლურადაც მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მხოლოდ ამით პუტინის ვიზიტი არ ამოიწურებოდა. ცნობილია, რომ სირიაში ასევე აქტიურად მოქმედებს ირანი. რაზე ისაუბრეს პუტინმა და ასადმა, ასევე, კიდევ რა შეხვედრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს, უცნობია.

ეს დეტალები ძალზე აინტერესებთ ამერიკელებს. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: პუტინი არ აპირებს ამერიკული მხარის ინფორმირებას ჩატარებული ვიზიტის შესახებ. “პუტინს ამგვარი გეგმები არ გააჩნია” – აღნიშნა პესკოვმა.