“ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა – მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!”- ასე მიმართავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გირაოს გადახდასთან დაკავშირებით.
მელიას თქმით, მისმა პრინციპულმა პოზიციამ ქართულ ოცნებას წონასწორობა დააკარგვინა.
ფეისბუქგვერდზე მელია წერს, რომ მის საქმეზე, არა პროკურატურის წარმომადგენლები, არამედ – ბრიფინგიდან არა უფლებამოსილი პირი – ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე საუბრობდა.
“უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო – პროკურატურა, არამედ – ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე – თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი” – წერს ნიკა მელია.
გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება, რომელზეც მას სასამართლომ გირაო შეუფარდა და მასთან ერთად ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება დაავალა.
2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.
წყარო: itv.ge