“ტრამპმა უთხრა მათ, რომ მოსულიყვნენ” – ადამ კინზინგერი კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპს აკისრებს.
ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ 6 იანვარს აქციის მონაწილეების მიერ კორდონის გარღვევასა და კაპიტოლიუმში შეჭრაზე პასუხისმგებელი დონალდ ტრამპია.
„რატომ იყვნენ ისინი იქ? დონალდ ტრამპმა უთხრა მათ, რომ მოსულიყვნენ. რატომ მოხდა ყველაფერი ასე არასწორად? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არჩევნებს ბენზინი დაასხა თავისი გამარჯვების ყალბი პრეტენზიებით და მისი მოპარვის საშიში შეთქმულების თეორიებით და 6 იანვარს აანთო ასანთი” – წერს ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში „დემოკრატმა” ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, არ აღიარებს და გაყალბებულად ცნობს.
ტრამპის მომხრეები 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
დონალდ ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარეს 9 დემოკრატი კონგრესმენი წარმოადგენს.
ამასთან, 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.
მაშინ კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.
წყარო: report.ge