“გახარია წულუკიანის ხელახალ გამინისტრებას არ დათანხმდება” – ლევან ალაფიშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე გახარიას შეცვლას არ ელოდება:

– შემოდგომამდე გახარიას შეცვლას არ ველოდები, თუნდაც იმიტომ, რომ მისი რეალური შემცვლელი არ ჩანს. კალაძე ახლა ამისთვის არაა მზად, კობახიძის გაპრემიერება კი შეუძლებელია! შესაბამისად, “ქართული ოცნება” გახარიასთან, მის თანამდებობასთან მიმართებაში მძევალია. ამიტომაც, გახარია შეეცდება ამ მოცემულობით ბოლომდე ისარგებლოს.

ამის არაერთი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ. პარტიის სხდომების გაცდენა უფრო დემონსტრაციული არმისვლაა, ვიდრე არმიწვევა. ასევე, დავითგარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული მისი განცხადებაც – პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, როდესაც გარეჯზე საუბრობთ – ამის დემონსტრირებაა. გახარიას ამ თითის დაქნევებით კობახიძე და სხვები ბედნიერები არ იქნებიან.

– ეს უფრო ჭკვიანური მანევრია თუ დისტანცირება მმართველი პარტიიდან?

– ორივე ერთად არის. კიდევ ერთი: არ მგონია წულუკიანის საკითხი გახარიას თანხმობის გარეშე გადაწყდეს.

ამდენი ხანია, ინფორმაცია წულუკიანის გამინისტრების შესახებ მუსირებს, მაგრამ გუნდი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის საჯარო გზავნილი გახარიას მისამართით. გუნდს სურს წულუკიანის მთავრობაში შებრუნება, გახარია კი არაფერს ამბობს, ამ ამბავს წაუყრუა. ჭკვიანურად იქცევა.

მისი ამ პოზიციით მათ ეუბნება – ამას მე გადავწყვეტ! არ გამოვრიცხავ, წულუკიანის მთავრობაში შებრუნების საკითხი ვაჭრობის საგანიც გახდეს. – თუ ასეა, მაშინ გადამაყენეთ! – შეიძლება გახარიამ ეს ულტიმატუმიც კი წაუყენოს გუნდს. მოქმედი კონსტიტუციით კი ასე მარტივი აღარ არის პრემიერის გადაყენება.

კიდევ ერთი გზავნილი იყო გუბერნატორებთან შეხვედრა და ახალი დანიშვნები, რომელთაც წინ უძღოდა ძალოვან სტრუქტურებში გახარიას კადრების ერთგვარი გადაადგილებაც.

წყარო: itv.ge