15 თებერვალს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა და რეგისტრაცია დაიწყო. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქვეყნებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათზე პასუხებს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე.
- როდის იწყება გერმანიაში დროებით სეზონურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია?
სარეგისტრაციო პროცესი დაიწყება 2021 წლის 15 თებერვლიდან.
- რამდენ ხანს გრძელდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გერმანიის მხარე ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან და გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან შემოვა სამუშაო შეთავაზებები. ეს კი, წარმატებული თანამშრომლობის პირობებში წლები შეიძლება გაგრძელდეს.
- როდის შემეძლება გერმანიაში მუშაობის დაწყება?
სამუშაოს დაწყების ზუსტი თარიღი გეცნობებათ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში.
- დასაქმებისთვის საჭირო საბუთების ატვირთვა მოხდება რეგისტრაციის სისტემაში, თუ ფიზიკურად უნდა მოხდეს დოკუმენტების წარდგენა?
შერჩეული კანდიდატი საჭირო დოკუმენტებს (პასპორტი, ნასამართლეობის ცნობა, ჯანდაცვის ცნობა) პირადად წარადგენს საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში. Covid19-ზე ტესტის წარდგენა საჭიროა გამგზავრების წინ (რამდენი დღით ადრე, ამას განსაზღვრავს გერმანული მხარე, იმ დროს არსებული ვითარების შესაბამისად).
- ვინ ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას?
პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს დასაქმების ხელშეწყობისა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოები.
- ვინ იქნებიან დამსაქმებლები გერმანიაში?
დამსაქმებლები იქნებიან გერმანიაში მცხოვრები ფერმერები.
- რა სახის სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს აღნიშნული სქემა?
დასაქმება ხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორში და მოიცავს სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
- ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 60 წლამდე, მათ, ვისაც არ უმოგზაურია შენგენის ზონის ქვეყნებში გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში და არ აქვს ისეთი დარღვევა, რაც ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გამოიწვევს. ამასთანავე, უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი.
- შემიძლია თუ არა სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გარეშე გერმანიაში სეზონურად დასაქმება?
დიახ, შესაძლებელია. თუმცა, სასურველია, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველს გააჩნდეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოცდილება ან/და მოტივაცია.
- სავალდებულოა თუ არა უცხო ენების ცოდნა?
სასურველია, რომ გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველი პირი ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). უფრო კონკრეტულად, ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს თავად დამსაქმებელი.
- როგორ იქმნება გერმანიაში გასამგზავრებელი ჯგუფები?
ჯგუფებს აყალიბებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იმ აპლიკანტებისგან, რომლებიც უკვე შერჩეულნი იქნებიან გერმანელი დამსაქმებლის მიერ. გჯუფები დგება დასაქმების მაძიებლებისგან დამოუკიდებლად.
- რა ხანგრძლივობით ვიქნები დასაქმებული?
სეზონური დასაქმება შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღემდე (180 კალენდარული დღის განმავლობაში), რაც შეადგენს არაუმეტეს 70 სამუშაო დღეს. დასაქმების კონკრეტული ვადა მიეთითება სამუშაო ნებართვასა და შრომით ხელშეკრულებაში.
- როგორი იქნება სამუშაო დროის ხანგრძლივობა?
სეზონური სამუშაოს მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 საათს კვირაში. ზოგადად, სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი დაახლოებით, 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა (სამუშაო საათები კვირაში ან თვეში) აისახება დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში.
- რამდენი იქნება შრომის ანაზღაურება (ხელფასი)?
სამუშაო უნდა ანაზღაურდეს სულ მცირე გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9,50 ევროს საათში (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი – 5%.
- როგორი სახის არის ანაზღაურება?
ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივი, გამომუშავებაზე დაფუძნებული, ან კომბინირებული (საათობრივი ანაზღაურება + გამომუშავებაზე დაფუძნებული ბონუსი). გამომუშავების მიხედვით ანაზღაურებისას მხედველობაში მიიღება შეგროვებული მოსავლის რაოდენობა.
- ანაზღაურდება თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაო?
თუ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ან კოლექტიური შეთანხმება არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას გაზრდილი ტარიფით, მაშინ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხდება ხელფასის სტანდარტული, საათობრივი განაკვეთით. დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება შრომითი ხელშეკრულების გამოგზავნის შემდეგ.
- უამინდობის გამო მოცდენისას თუ ხდება ანაზღაურება?
როგორც წესი, უამინდობით გამოწვეული შეფერხება დამსაქმებელს ეკისრება და დასაქმებულს აქვს იძულებითი მოცდენის დროის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. თუმცა, ეს პრინციპი შეიძლება შეიცვალოს შრომითი ხელშეკრულებით. შესაბამისად, ეს საკითხი წინასწარ განსაზღვრული უნდა იყოს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში.
- დასაქმებულის ავადმყოფობის შემთხვევაში თუ ხდება ანაზღაურება?
დასაქმებული, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებს სამუშაოს, რაც მისი ბრალით არ არის გამოწვეული, ინარჩუნებს სტანდარტულ ანაზღაურებას 6 კვირის განმავლობაში. მაგრამ ეს უფლება წარმოიშობა შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ავადმყოფობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს მუშაობის შეუძლებლობის შესახებ. თუ ამგვარი მდგომარეობა გრძელდება 3 დღეზე მეტი, დასაქმებულმა არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ დასაქმებულს ავადმყოფობის გამო არ შეუძლია მუშაობა და მიუთითებს მუშაობის შეუძლებლობის ხანგრძლივობას. დამსაქმებელს უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო ცნობის წარდგენა ავადმყოფობის პირველსავე დღეს.
- როგორ ხდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა?
შრომითი ურთიერთობა წყდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ხელშეკრულების შეწყვეტა მნიშვნელოვანი საფუძვლით, თუ სახეზეა ფაქტები, რომელთა საფუძველზეც, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება მოეთხოვოს შემწყვეტ მხარეს. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სასამართლო.
პრაქტიკაში ამგვარი გარემოება შეიძლება იყოს: დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა, კოლეგების მიმართ ძალადობა, ქურდობა, დასაქმებულის უკანონო და განზრახი ქმედება, რაც აზიანებს დამსაქმებლის ქონებას, პროფესიული საიდუმლოს დარღვევა, უკანონო და დისკრიმინაციული ქმედება და ა.შ. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნისა და საფუძვლის შესახებ შემწყვეტმა მხარემ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს შეწყვეტის განმსაზღვრელი ფაქტების შეტყობიდან ორი კვირის ვადაში.
შრომითი ურთიერთობის ე.წ. “ორდინარული შეწყვეტა“ გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რაიმე განსაკუთრებული საფუძვლის არსებობის გარეშე. ამ შემთხვევაში კანონი ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, წინასწარი გაფრთხილების ვადებსა და ფორმას, თუმცა, განსაზღვრული ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე, „ორდინარული შეწყვეტის“ წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამაზე შეთანხმდნენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური შეთანხმებით.
- როგორია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები?
დამსაქმებელი ვალდებულია სეზონური მუშაკი დასაქმების პერიოდში უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით. მუშაკი შეიძლება განთავსებული იყოს საერთო საცხოვრებელში. საცხოვრებლის ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).
- სამუშაო ადგილზე თუ ხდება საკვებით უზრუნველყოფა?
სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს.
- ვინ დაფარავს მგზავრობის ხარჯებს?
სამუშაო შეთავაზების მიღებამდე სეზონური მუშაკისთვის ცნობილი გახდება, მგზავრობის ხარჯების დაფარვა მოხდება დამსაქმებლის თუ მის მიერ.
- რა სახის ხარჯის გაღება მოუწევს დასაქმების მსურველს?
შერჩეულ კანდიდატს მოუწევს შემდეგი ხარჯების დაფარვა:
გამგზავრებამდე: პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრული პასპორტის არქონის შემთხვევაში); მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება; ჯანმრთელობის ცნობა; ტესტირება „კოვიდ19-ზე“ გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში: საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ; კვების (დაახ. 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.
- გამიფორმდება თუ არა სამუშაო ხელშეკრულება?
სეზონურ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება დაიდება წერილობითი ფორმით გერმანიაში გამგზავრებამდე, რომელსაც ექნება განსაზღვრული ვადა.
- მექნება თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა?
დიახ. გერმანიის მოქმედი კანონმდებლობის და შეთანხმების შესაბამისად, შრომითი მიგრანტის ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა დამსაქმებლის ვალდებულებაა. დაზღვევის პროცედურები და სამედიცინო მომსახურების სახეები განსაზღვრულია სამედიცინო დაზღვევის შეთანხმებით. სეზონურ მუშაკებზე ასევე ვრცელდება სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის დაზღვევა. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხარჯების დაფარვა დამსაქმებელს ეკისრება.
- მექნება თუ არა ანაზღაურებადი შვებულება?
დიახ, სეზონურ მუშაკებს აქვთ შვებულების მოთხოვნის უფლება. თუ დასაქმების ხანგრძლივობა 6 თვეზე ნაკლებია, შვებულების ხანგრძლივობა შეადგენს თვეში 2 დღეს.
- როგორია დასაქმების პროცედურები?
გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველები გაივლიან საბოლოო დასაქმებისთვის შეთანხმებით გათვალისწინებულ შემდეგ პროცედურებს:
- ონლაინაპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია;
- შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- ჯანმრთელობის (ფორმა №100) და ნასამართლეობის ცნობების წარდგენა;
- გერმანული მხარის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება;
- გამგზავრების წინა ორიენტაციის ტრენინგის გავლა;
- PCR – ტესტის ჩატარება;
- გერმანიაში გამგზავრება და დასაქმება.
- როდის დაიწყება დასაქმება და რამდენ ხანში მოხდება კანდიდატთან დაკავშირება? რეგისტრირებულთა ბაზიდან დასაქმების მსურველთა შერჩევა და დასაქმება მოხდება ეტაპობრივად, გერმანიიდან მოწოდებული სამუშაო შეთავაზებების საფუძველზე. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება იწყება 2021 წლის აპრილის თვიდან.
მომდევნო ნაკადების შერჩევა და დასაქმება გაგრძელდება იმ სიხშირით, რა სიხშირითაც მოწოდებული იქნება სამუშაო შეთავაზებები. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
- როგორ გავიარო რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობისთვის?
გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პორტალზე workabroad.moh.gov.ge და შეავსოს ელექტრონული განაცხადი „დროებითი ლეგალური დასაქმება სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში“ ან ეწვიოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ბმულს.
- ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების დასაქმების შესახებ?
საბოლოო გადაწყვეტილებას ცალკეული შრომითი მიგრანტის დასაქმების თაობაზე იღებს გერმანელი დამსაქმებელი.
- რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს გერმანიაში (ქვოტა თუ არის დადგენილი)?
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის ქვოტა არ არის დადგენილი. დასაქმებულთა რაოდენობა დამოკიდებულია მოწოდებულ სამუშაო შეთავაზებებზე (ვაკანსიების რაოდენობაზე)
- დასაქმება/გამგზავრება საქართველოდან მოხდება ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად?
საქართველოდან გამგზავრება/დასაქმება შესაძლებელია მოხდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.
- შემიძლია თუ არა ოჯახის წევრების თან წაყვანა?
შეთანხმება არ ვრცელდება მიგრანტების ოჯახის წევრებზე. თუმცა, ოჯახის სხვა წევრებს აქვთ უფლება ინდივიდუალურად ჩაერთონ დასაქმების პროგრამაში.
- როგორ შევხვდე დამსაქმებელს გერმანიაში ჩასვლის შემდეგ?
გერმანიაში გამგზავრების წინ შერჩეულ კანდიდატებს დამსაქმებლის მიერ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია დანიშნულების/შეხვედრის ადგილამდე მისვლის შესახებ.
- ვის უნდა მივმართო გერმანიაში შრომითი უფლებების დარღვევის ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა, პრობლემური საკითხის არსებობის შემთხვევაში?
გერმანიაში ყოფნისას, ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე, მათ შორის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე, შეგეძლებათ მიმართოთ გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა პასუხისმგებელ ორგანიზაციებს. გამგაზვრებამდე, დასაქმებულს მიეწოდება ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია.
- შემიძლია თუ არა სამუშაო ვადის დასრულების შემდგომ იმავე ან სხვა დამსაქმებელთან სამუშაოს გაგრძელება?
საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების სქემა ითვალისწინებს 90 დღის შემდეგ დასაქმებული მოქალაქეების/ბენეფიციარების საქართველოში სავალდებულო დაბრუნებას. სამუშაოს გაგრძელების შესახებ გერმანელ დამსაქმებელთან შეთანხმება არის ინდივიდუალური და მასზე არ ვრცელდება სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
- შესაძლებელია თუ არა გერმანიაში დამსაქმებლის შეცვლა?
შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმება, ფორმდება კონკრეტულ დამსაქმებელთან. შესაბამისად, სხვა დამსაქმებელთან გადასლვა არ არის შესაძლებელი. ახალ დამსაქმებელთან დასაქმებისთვის იგივე პროცედურებია გასავლელი, რაც პირველ დამსაქმებელთან.
- პროგრამაში ერთხელ მონაწილეობის მიღების შემდეგ, შემეძლება თუ არა ხელმეორედ გავაკეთო განაცხადი?
საქართველოსა და გერმანიას შორის დროებითი, ცირკულარული დასაქმების შესახებ შეთანხმება, დასაქმების მსურველს არ უკრძალავს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობას. შესაბამისად, 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებიდან 3 თვეში მას კვლავ შეუძლია გახდეს პროგრამის მონაწილე/ბენეფიციარი.
- სოციალურად დაუცველის სტატუსის ფლობის შემთხვევაში, გერმანიაში გამგზავრებისას შეჩერდება თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი?
არა. ავტომატურად არ ჩერდება.
- ყადაღის შემთხვევაში, შემეძლება თუ არა გერმანიაში დასაქმება?
ყადაღის არსებობა არ წარმოადგენს გერმანიაში დასაქმებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს.
- შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევ პირს?
შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, პირის ყოფნა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან (დეპორტი, რეადმისია) და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით. გარდა ამისა, დამატებითი სანქცია შეიძლება იყოს ასეთი პირისთვის მომავალში საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.
- გერმანიაში გამგზავრებამდე სავალდებულოა თუ არა კოვიდვაქცინის გაკეთება?
ამ ეტაპისათვის Covid ვაქცინის გაკეთება არ არის სავალდებულო.